ეს აპლიკაცია ტანსაცმლის ვირტუალურად მოზომების საშუალებას იძლევა — ოღონდ ნახევრად უნდა გაშიშვლდეთ
ტანსაცმლის ონლაინ შეძენა ყოველთვის გარკვეულ რისკთან ასოცირდება, ვინაიდან ვერასოდეს გაიგებ, გერგება თუ არა ტანსაცმელი, სანამ მას რეალურად არ მოისინჯავ.
სწორედ ამიტომ, ამერიკულმა კომპანია Walmart-მა თავის მომხმარებლებს მიმზიდველი ვარიანტი შესთავაზა: მათ iOS აპლიკაცია "Be Your Own Model" — "იყავი საკუთარი თავის მოდელი" გამოუშვეს, რომელიც ადამიანებს პროდუქციის ვირტუალურად მოზომების საშუალებას მისცემს. სიახლე 2021 წელს Walmart-ის მიერ Zeekit-ის, ვირტუალური მოზომებისათვის განკუთვნილი სტარტაპის, შეძენას მოჰყვა.
ტანსაცმლის უბრალოდ ზევიდან დადების ნაცვლად, აპლიკაცია "ალგორითმებსა და რთულ მანქანურ დასწავლას" იყენებს, შედეგად კი მომხმარებლის სხეულს სამოსს რეალისტურად არგებს.
Walmart-ის განცხადებით, აპლიკაციას ჩრდილების სიმულირება რეალისტურად შეუძლია და იმასაც კი ითვალისწინებს, თუ როგორ დადგება ქსოვილი თავისი მასის გათვალისწინებით. კომპანიაში ამბობენ, რომ აპლიკაცია მათ 270 ათას პროდუქტთანაა თავსებადი.
საგულისხმოა, რომ, როგორც ჩანს, ფუნქცია კაცებისათვის განკუთვნილ ტანისამოსს არ მოიცავს.
მიუხედავად აპლიკაციის მიმზიდველობისა, ერთი საკითხი მაინც უნდა გაითვალისწინოთ: Be Your Own Model ფუნქციით სარგებლობისთვის ნახევრად შიშველი უნდა იყოთ, მომდგარ საცვალსა/შორტსა და ე.წ. ტოპში გამოწყობილი. დაზუსტებული არ არის, იმუშავებს თუ არა ფუნქცია ნაკლებად მოღებული, თუმცა ანალოგიურად მომდგარი ტანსაცმლის ტარების შემთხვევაში.
მართალია, საბოლოო ჯამში აპლიკაცია ძალიან სახალისო/გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს, თუმცა საკითხავია, რამდენად მიზანშეწონილია კომპანიისათვის ნახევრად შიშველი ფოტოების მინდობა — როგორც ამტკიცებენ, Walmart-ს ადრე კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული წესები უკვე დაურღვევია.
შესაძლოა, მონაცემების გაჟონვას კატასტროფული შედეგები მოჰყვეს (განსაკუთრებით არასრულწლოვანი მომხმარებლების შემთხვევაში), ამიტომაც უმჯობესი იქნება, აპლიკაციით სარგებლობამდე რისკები მაინც გაითვალისწინოთ — ბოლოსდაბოლოს, ოდესღაც ისეთი პროგრამაც ხომ შეიქმნება, რომელიც ტანსაცმლის ვირტუალურად მოსასინჯად ნახევრად გაშიშვლებას არ მოგვთხოვს?
კომენტარები