ახალი პრეპარატი იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობაში ეხმარება
ჩვენი ორგანიზმის იმუნურ სისტემას კიბოს უჯრედების ამოცნობა და განადგურება უჭირს. ასე რომ არ იყოს, ამ დაავადებასთან ბრძოლა ბევრად მარტივი იქნებოდა, ამიტომ მეცნიერები აღნიშნული დაბრკოლების გადალახვის გზებს ეძებენ.
რა მოხდება, პრეპარატების მეშვეობით სიმსივნური უჯრედების გამოვლენა რომ შეგვეძლოს, რათა ისინი იმუნურმა სისტემამ ამოიცნოს და შეუტიოს? სწორედ მსგავსი მეთოდი შეიმუშავეს მეცნიერებმა, რაც კიბოსთან ბრძოლაში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ახალ მედიკამენტს მუტირებული ცილა, სახელად KRAS, რომელიც სიმსივნეების მეოთხედზეა პასუხისმგებელი, მავნე უჯრედების ზედაპირზე ამოჰყავს, იქ, სადაც ვეღარ "დაიმალება". ამგვარად, იმუნიტეტისთვის ის უკვე ხილული ხდება, რის შედეგადაც სხეულში ერთგვარი განგაშის სიგნალები წარმოიქმნება და თავდაცვითი მექანიზმი აქტიურდება.
ერთი შეხედვით, ეს მარტივად ჟღერს, თუმცა პრეპარატებს ზემოხსენებულ ცილებთან მიერთება უჭირს. თანაც, ისინი თავად უჯრედის შიგნითაა განთავსებული, რაც საქმეს კიდევ უფრო ართულებს.
მრავალწლიანი კვლევის შემდეგ, მეცნიერებმა KRAS-ის სიმსივნის გავრცელების ხელშემწყობი ეფექტების შემაკავებელი მედიკამენტები მიიღეს, როგორიც სოტორასიბია. ამის მიუხედავად, მათ გასანადგურებლად სხვა საშუალება შექმნეს, რომელსაც ARS1620-ს უწოდებენ.
ის კიბოს უჯრედებს არა მხოლოდ მარტივად უკავშირდება და მის უარყოფით ზეგავლენას ბლოკავს, არამედ მუტირებულ KRAS-ს ზედაპირისკენ უბიძგებს და მასთან მიერთებული კომპლექსის სახით იმუნური სისტემა მოქმედებაში მოჰყავს. მომდევნო ეტაპზე ამას უკვე დამოუკიდებელი იმუნოთერაპია უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მეთოდით პრეპარატების მიმართ რეზისტენტული უჯრედებიც ნადგურდება, მაგრამ ადამიანებზე ის ჯერ არ გამოუცდიათ. იქამდე მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Cancer Cell გამოქვეყნდა.
კომენტარები