ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულმა ფილმმა კანის კინოფესტივალზე ჟიურის ჯილდო მოიპოვა
ნახატის შემდეგ კონკურსში უკვე AI-ის გენერირებული ფილმიც იმარჯვებს
ალბათ, გახსოვთ თუ როგორ გაიმარჯვა რამდენიმე კვირის წინ ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებულმა ნახატმა ილუსტრაციების კონკურსი. მანქანური სწავლება აქ გაჩერებას არ აპირებს — მისი შემდეგი ნაბიჯია შეყვანილ ფრაზებზე დაყრდნობით ვიდეო კონტენტი შექმნას.
ბელფასტში დაფუძნებულმა კომპოზიტორმა და კომპიუტერულმა ხელოვანმა გლენ მარშალმა კანის მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალზე ხელოვნური ინტელექტის მიერ დაგენერირებული ფილმით The Crow (ყვავი) ჟიურის ჯილდო მოიგო.
ეს მარშალის პირველი AI-ის გენერირებული კონტენტი არ არის. მისმა Daft Punk-ის ვიდეომ უფრო ადრე მაყურებლის მოწონება დაიმსახურა, თუმცა The Crow-ს შემთხვევაში მან განსხვავებული ტექნიკა გამოიყენა.
თუ ადრე AI ტექსტებს შემთხვევით გამოსახულებებად აქცევდა, The Crow ერთგვარ ყალიბად უკვე არსებულ ფილმს იყენებს.
"მე ძალზე გამიტაცია იდეამ, AI-ის გამოყენებით არსებული ვიდეოები შევცვალო", — განაცხადა მარშალმა TNW-თან.
"ყოველ დღე YouTube-ზე ახალ ვიდეოებს ვეძებდი და ჩემი ტექნიკის გამოყენებით მათ ტრანსფორმირებას, მეტად მიმზიდველ კონტენტად გადაქცევას ვცდილობდი. ზუსტად მაგ პერიოდში წავაწყდი Painted-ს — მოკლე ფილმს, რომელიც The Crow-ს საფუძველი გახდა".
მარშალმა Painted-დან ამოღებული ვიდეო ფრაგმენტებით "გამოკვება" CLIP — OpenAI-ის მიერ შექმნილი ნეირონული ქსელი. შემდეგ მან სისტემას უბრძანა, რომ დააგენერიროს ვიდეო, რომელშიც "ყვავი ბერწი, მიტოვებული პეიზაჟის ფონზეა". ორიგინალ ვიდეოსა და გენერირებულს შორის მსგავსებებია, რადგან პირველში შავებში გადაცმული გოგონა ცეკვისას ყვავის მოძრაობებს ჰბაძავს, ხოლო გენერირებულში ის საკუთრივ ყვავითაა ჩანაცვლებული.
სამომვალოდ მარშალი ფილმებში 3D ანიმაციის დამატებას გეგმავს. ის ასევე ტექნიკის მეტად დახვეწას განიხილავს, რათა ტექსტებზე დაყრდნობით მოძრაობები დეტალურად განისაზღვროს.
ამ ტექნოლოგიის განვითარების შედეგად მთელი ფილმების შექმნა იქნება შესაძლებელი. მარშალი თვლის, რომ მის ტექნიკას მეინსტრიმულ კინომატოგრაფიაში უკვე შეუძლია აღიარების მოპოვება. ის ამბობს, რომ მის ფილმს BAFTA-ს დაჯილდოვებაში მონაწილეობის მიღების უფლებაც აქვს.
"მე, როგორც ხელოვნური ინტელექტის მაცნეs, მსურს გაცნობოთ თქვენ, ვარსკვლავებს, მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, დიზაინერებს... ხელოვნური ინტელექტი აქაც აღწევს და მალე თქვენ სამსახურში სულ სხვა პოზიციას დაიკავებთ ან შესაძლოა, სრულებითაც დაკარგოთ ის".
კომენტარები