ნახეთ: როგორია და რა შეუძლია ახალ iPhone-ებს
Apple-მა 7 სექტემბერს საქართველოს დროით 21:00-ზე გამართულ კონფერენციაზე საზოგადოებას iPhone 14 სერიის ოთხი ახალი აიფონი წარუდგინა. კომპანიის წარმომადგენლებმა, უახლესი სმარტფონების გარდა, Apple Watch Series 8, Apple Watch SE, Apple Watch Ultra და AirPods Pro-ც გაგვაცნეს.
სტატიაში, კერძოდ, ახალი აიფონების მიმოხილვას შემოგთავაზებთ.
iPhone 14 და iPhone 14 Plus
ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, iPhone 14 სერიაში Mini მოდელი აღარ იქნება — იგი iPhone 14 Plus-ით ჩანაცვლდა, რომელსაც სტანდარტულ (6.1 დუიმი) ზომაზე დიდი, 6.7 დუიმიანი, ეკრანი აქვს.
ახალი iPhone 14 და 14 Plus იისფერ, ლურჯ, Midnight, Starlight და Product RED ფერებშია წარმოდგენილი. iPhone 14-ს კერამიკული ეკრანი აქვს, რომელიც მეტად გამძლეა.
ფერს თუ არ ჩავთვლით, iPhone 14 ვიზუალურად მისი წინამორბედი iPhone 13-ისგან სხვა არაფრით განსხვავდება: შენარჩუნებულია ორი კამერა და 6.1 დუიმიანი ეკრანი. იგი კვლავ A15 ბიონიკური ჩიპსეტზე მუშაობს და, Pro მოდელებისაგან განსხვავებით, 60Hz განახლების სიჩქარე აქვს ისევე, როგორც iPhone 13-ს.
iPhone-14-ში გაუმჯობესებულია ეკრანის სიკაშკაშე, რაც გარეთ უკეთეს ხილვადობას უზრუნველყოფს. სმარტფონს იგივე 12-მეგაპიქსელიანი კამერა აქვს. ცუდი განათების პირობებში გადაღება წინა და ულტრაფართო კამერებში ორჯერაა გაუმჯობესებული, მთავარ კამერაში კი — 2.5-ჯერ.
ვიდეოს ახალი ე.წ. მოქმედების რეჟიმი დაემატა, რომელიც სრულ სენსორს იყენებს და უკეთეს სტაბილიზაციას უზრუნველყოფს.
დაემატა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი სერვისი Emergency SOS, რომელიც სატელიტური კავშირის დახმარებით სასწრაფო დახმარების სერვისებთან მაშინაც კი დაგაკავშირებთ, როცა ინტერნეტი არ გექნებათ. ფუნქციით სარგებლობას აშშ-სა და კანადაში უფასოდ შეძლებენ.
iPhone 14-ს, ისევე, როგორც მის Pro ვერსიას, ახალი crash detection — შეჯახების დაფიქსირების — ფუნქციაც დაემატა, რომელიც ავტომობილის შეჯახებას გრძნობს და შესაბამისი დახმარების აღმოჩენას გთავაზობთ.
Apple-ის ინფორმაციით, iPhone 14-ის საწყისი ღირებულება 799 ამერიკულ დოლარს შეადგენს, iPhone 14 Plus-ისა კი $899-ს. მოდელების წინასწარი შეკვეთა 9 სექტემბერს დაიწყება, გაყიდვაში კი ისინი ოფიციალურად 16 სექტემბერს ჩაეშვება.
iPhone 14 Pro და iPhone 14 Pro Max
ახალი iPhone 14 Pro და Pro Max სმარტფონები კოსმოსურ შავ (Space black), ვერცხლისფერ, ოქროსფერ და ღრმა იისფერ (Deep purple) ფერებშია წარმოდგენილი.
ფერის გარდა, ამ მოდელებში დიზაინის სხვა მეტად შესამჩნევ ცვლილებასაც შეხვდებით: ეკრანის თავზე, წინამორბედებში გამოყენებული ჩვეულებრივი "კუნძულის" ნაცვლად, ამჯერად ლათინური i-ს ფორმის ჭრილი, "დინამიკური კუნძულია", გამოყენებული. მას სიტუაციურად გარდაქმნა, სხვადასხვა ფორმის მიღება და არაერთი ფუნქციის შეთავსება შეუძლია.
მეტად ფუტურისტული შესახედაობის უზრუნველყოფასთან ერთად, ეს აიფონის სტატუსის ზოლს უფრო ფუნქციურსაც გახდის.
აღსანიშნავია ახალი always-on display ფუნქციაც, რომლის საშუალებითაც სმარტფონის ეკრანი მუდამ ჩართული იქნება. iPhone 14 Pro and iPhone 14 Pro Max პირველი აიფონებია, რომლებშიც ამგვარი მახასიათებელი გვხვდება. ეს ახალი ცვლადი განახლების სიჩქარის OLED პანელის დამსახურებაა, რომელიც 120Hz-იდან 1Hz-ამდე მერყეობს.
iPhone 14 სერიის Pro და Pro Max ვერსიები A16 ბიონიკური ჩიპსეტითაა აღჭურვილი. ამასთანავე, მათ ახალი 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა აქვს, რომელიც სინათლის მიმართ მეტ მგრძნობიარობასა და უკეთეს დინამიკურ რეზოლუციას გვპირდება.
საგულისხმოა, რომ მოდელებს ახალი low-power რეჟიმიც დაემატა, რომელიც აიფონის უფრო ხანგრძლივად გამოყენების საშუალება მოგცემთ.
iPhone 14 Pro-ს (ისევე, როგორც წინამორბედ iPhone 13-სა და iPhone 13 Pro-ს) 6.1 დუიმიანი ეკრანი აქვს. მეორე მხრივ, მისი შედარებით დიდი ვერსია, iPhone 14 Pro Max, 6.7 დუიმიანი ეკრანითაა აღჭურვილი და უკეთესი ბატარეა აქვს.
თავისთავად, iPhone 14 Pro-სა და Pro Max-ის ფასი წინამორბედებთან შედარებით მაღალი იქნება.
Apple-ის ინფორმაციით, iPhone 14 Pro-ს საწყისი ღირებულება 999 ამერიკული დოლარი იქნება, iPhone 14 Pro Max-ისა კი — $1,099. მოდელების წინასწარი შეკვეთა 9 სექტემბერს დაიწყება, გაყიდვაში კი ისინი ოფიციალურად 16 სექტემბერს ჩაეშვება.
კომენტარები