Meta-ს CEO-მ მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Meta-ს ვირტუალური რეალობის ახალი ჩაფხუტები გაყიდვებში ოქტომბრიდან ჩაეშვება.

"შემდეგ ჩაფხუტს (Project Cambria), რომელიც ოქტომბერში გამოჩნდება, რამდენიმე ახალი მახასიათებელი ექნება", — თქვა ცუკერბერგმა ჯო როგანის პოდკასტში. მან ისაუბრა იმ ახალ ფუნქციებზე, რომელთა გამოყენებასაც ადამიანები თვალითა და სახის კუნთების ცვლილებით შეძლებენ. "თქვენ უკვე შეძლებთ, ვირტუალურ რეალობაში დაამყაროთ თვალის კონტაქტი, თქვენი ავატარის სახის გამომეტყველება თქვენი რეალური სახის გამომეტყველების კვალდაკვალ შეიცვლება — თუ თქვენ გაიღიმებით ან მოიწყენთ, მსგავსადვე რეალურ დროში შეიცვლება თქვენი ავატარიც".

ამ ჩაფხუტს ექნება მაღალი რეზოლუციის ფერადი ეკრანი, თვალის მოძრაობის აღქმელი შიდა სენსორები და გაფართოებული რეალობის ფუნქცია. ჩაფხუტის ფასი არსებულზე ($399) გაცილებით მაღალი იქნება.