შექმნეს ქამელეონის მსგავსი რობოტები, რომელთა ფერებიც გარემოს მიხედვით იცვლება
სამგანზომილებიანი პრინტერის ტექნოლოგია დღითიდღე ვითარდება და მეცნიერები ინოვაციებს უკვე ძალიან ხშირად გვთავაზობენ. ერთ-ერთი უკანასკნელი სიახლე დრეკად და წელვად მანათობელ მოწყობილობას ეხება, რომლის ინტეგრაციაც ე.წ. რბილ რობოტებთანაა შესაძლებელი.
სპეციალისტთა მიერ შექმნილი ასეთი რობოტექნიკა ფერს ქამელეონის მსგავსად, გარემოს მიხედვით იცვლის და საშუალებას იძლევა, რომ ის ახალი თაობის ჭკვიან ეკრანებში, გასაკეთებელ ელექტრონულ მოწყობილობებსა და ხელოვნურ კამუფლაჟში გამოვიყენოთ.
მსგავსი ტექნიკის დამზადება ძვირადღირებულ ხელსაწყოებთან და რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მისი მარტივი და იაფი ალტერნატივის არსებობა, რომელიც საზოგადოების მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს, მნიშვნელოვანია.
ახალი ელექტროლუმინესცენციური 3D ტექნოლოგია ერთდროულად რამდენიმე სახის მასალას იყენებს და ელასტიკურ მანათობელ მატერიას ბეჭდავს. მაგალითად, მეცნიერებმა ასეთი მეთოდით მაჯაზე გასაკეთებელი სარტყელიც დაამზადეს, რომელიც ლურჯად კაშკაშებს და ფერს ძალიან სწრაფად იცვლის. რაც მთავარია, ამ ფუნქციას ხელს ვერ უშლის მექანიკური ზემოქმედება, როგორიც მოღუნვა, დახვევა და გაწელვაა.
ეს ყველაფერი ქვემოთ მოცემულ სადემონსტრაციო ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ და თავად დარწმუნდეთ:
ავტორთა კვლევა დეტალურად გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნებულ ნაშრომშია წარმოდგენილი.
კომენტარები