ახალი მეთოდი შესაძლოა, ტრანსგენდერ კაცებს ბავშვების ყოლაში დაეხმაროს
მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში დღესდღეობით გამოყენებადი 2 რეპროდუქციული მეთოდის გაერთიანებით ახალ ხერხს მიაგნეს, რომელიც შესაძლოა, ტრანსგენდერ კაცებს ბავშვების ყოლაში დაეხმაროს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათ ამისთვის ჰორმონალური თერაპიის შეწყვეტა არ მოუწევთ და არაკომფორტულ პროცედურებსაც აარიდებენ თავს.
ერთ-ერთი მეთოდი კვერცხუჯრედის გამოცალკევებაა, რაც ონკოლოგიურ პაციენტებში უკვე წარმატებითაა გამოცდილი, მეორე კი "სამი მშობლის ტექნიკის" სახელითაა ცნობილი. ის სხვა ადამიანის კვერცხუჯრედების ნაწილების (ამ შემთხვევაში, ციტოპლაზმის) გამოყენებას გულისხმობს, რაც გენეტიკური დაავადებების მემკვიდრეობით გადაცემის რისკს ამცირებს.
მათი გაერთიანება ტრანსგენდერი კაცების შანსს ზრდის, რომ თავიანთი კვერცხუჯრედით ჯანმრთელი ემბრიონი შექმნან და საკუთარი ბიოლოგიური შვილების მშობლები გახდნენ. მეცნიერების თქმით, გამრავლების უფლება ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ ჰორმონალური თერაპიები ფერტილურობაზეც აისახება, ამიტომ ტრანსგენდერ კაცებს, რომელთაც ბავშვების ყოლა სურთ, კვერცხუჯრედების გაყინვას ურჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ განაყოფიერების უნარის შესანარჩუნებლად არასასიამობნო მკურნალობის გავლა უწევთ, რაც მსგავსი ცვლილების გზაზე ფიზიკურადაც და მენტალურადაც დამთრგუნველია.
ახალი ტექნიკა სპეციალისტებმა 18-დან 24 წლამდე ასაკის 14 ტრანსგენდერი კაცის კვერცხუჯრედებზე გამოცადეს. ასევე, მეცნიერებმა ცისგენდერი ქალების კვერცხუჯრედების ციტოპლაზმაც გამოიყენეს და ემბრიონები 5 დღემდე 20%-იანი წარმატებით გაზარდეს, რაც კარგი შედეგია.
"ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა გავლენა ექნება ამას ბავშვებზე გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს ძალიან იმედის მომცემი ტექნოლოგიაა, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ მისი კლინიკური გამოყენებისთვის მზად ვართ", — ამბობს ანტონია კრისტოდოლაკი, რომელმაც საკუთარ კვლევაზე ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ევროპული საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე ისაუბრა.
კომენტარები