Xiaomi-მ Tesla-ს გადაასწრო და საკუთარი ორფეხა რობოტი წარადგინა — ნახეთ, რა შეუძლია მას
ჩინურმა კომპანია სიაომიმ გასულ კვირას საჯაროდ წარადგინა თავისი ორფეხა რობოტი CyberOne. დემო ვარიანტით თუ ვიმსჯელებთ, რობოტს სიარულზე ოდნავ მეტის გაკეთება შეუძლია. სიაომი არაა რობოტების დამზადებაში სპეციალიზებული და ამ რობოტის წარდგენით ჩვენ ერთგვარი შთაბეჭდილება შეგვექმნა, თუ მინიმუმ რა შესაძლებლობების შეიძლება, იყოს Tesla-ს მეტად დახვეწილი რობოტი, რომელსაც ამა წლის 30 სექტემბერს წარადგენენ.
CyberOne 52 კილოგრამს იწონის; სიმაღლე 177 სმ-ა, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 3.6 კმ/სთ.
რობოტს ნავიგაციისთვის მანქანური ხედვის სისტემა აქვს, რომლითაც რვა მეტრის დაშორებაზე შეუძლია გარემოს ღრმა-შეგრძნებითი ანალიზი. სიაომი აცხადებს, რომ მას ადამიანის ემოციების აღქმაც შეუძლია, როგორც ჩანს, გარკვეული AI-ის გამოყენებით, რომელიც სახის გამომეტყველებას აღიქვამს. (უნდა აღინიშნოს, რომ ექსპერტებმა მსგავსი AI სისტემები არამეცნიერულად, არასანდოდ მიიჩნიეს და არაერთმა ტექ გიგანტმა, მათ შორის, Microsoft-მა შეწყვიტა მისი გამოყენება).
ამ ვიდეოში, შეგიძლიათ, ნახოთ, თუ როგორ დადის და მრავალჯერ ვარდება CyberOne, თუმცა ვერც ერთხელ ვერ ნახავთ, როგორ დგება თავისით, რადგან რეალურად მას ეს ჯერ არ შეუძლია.
CyberOne თავისი ფუნქციებით გამორჩეული არაა. მობილობის მხრივ, ის დიდად ჩამორჩება Boston Dynamics-ის ორფეხა ქმნილებებს, ხოლო აღქმით მისი მახასიათებლები ახალი არაა. მაშ, რაღაზე ქმნიან მსგავს რობოტებს?
პრესრელიზში კომპანიამ CyberOne აღწერა, როგორც "ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაზრდისადმი სიაომის ერთგულების სიმბოლო" და თქვა, რომ ამ რობოტზე მუშაობა "სხვა სფეროებში მეტად პრაქტიკულ ინოვაციებს მისცემს ბიძგს". სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, CyberOne რობოტზე მეტად, რომელსაც სამომავლოდ რაიმე განვითარების პერსპექტივა შეიძლება, ჰქონდეს, მარკეტინგული იარაღი და პლატფორმაა გაცილებით ფართო R&D (კვლევისა და განვითარების) ძალისხმევისთვის.
Tesla’s Optimus-სთან შედარება
სიაომისგან განსხვავებით ტესლას დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, განაცხადა, რომ საკმაოდ დახვეწილ რობოტს შექმნიდა. მასკმა განაცხადა, რომ მისი რობოტი კომპლექსურ ადამიანურ ბრძანებებს შეასრულებს, როგორიცაა, მაგალითად — "გეთაყვა, წადი მაღაზიაში და ეს მომიტანე". ის Tesla Optimus-ს აღწერს, როგორც "ზოგადი დანიშნულების ჰუმანოიდ რობოტს", რომელიც "ადამიანებს განმეორებითი, მოსაწყენი და საშიში დავალებების შესრულებისას ჩაანაცვლებს".
მსგავსი დაპირებები მართლაც გასაოცარია, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან რთული და ჯერჯერობით, თითქმის შეუძლებელიცაა ზოგადი დანიშნულების რობოტის შექმნა. დიახ, რობოტებს შეუძლიათ გარკვეული დავალებების შესრულება, თუმცა მხოლოდ სპეციალიზებულ სფეროში — მაგალითად, როგორიცაა რობოტი მტვერსასრუტი, რომელიც ერთ კონკრეტულ დავალებას ასრულებს. როდესაც საქმე მიდგება ზოგადი დანიშნულების რობოტზე, სიაომის გამოგონება უფრო რეალისტურ სურათს გვიხატავს, თუ კიდევ რამხელა მანძილი გვაშორებს მსგავსი ინოვაციისგან.
ტესლას ჰუმანოიდ რობოტს სიაომის მსგავსად შეეძლება სიარული, ლაპარაკი და, შესაძლოა, არაერთი მეტად დახვეწილი მახასიათებელიც ჰქონდეს, თუმცა ამ დროისთვის ის ნამდვილად ვერ წავა მაღაზიაში და თქვენს სასურველ პროდუქტს ვერ შეიძენს.
კომენტარები