გლობალური დათბობის გამო ფლორიდაში ყველა კუ მდედრობითი სქესისა იბადება
Reuters-ის ცნობით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურების გამო უკვე წლებია, ფლორიდაში მამრობითი სქესის კუები თითქმის აღარ იჩეკებიან — შტატში დაბადებული კუების 99% მდედრია.
"შემაშფოთებელია ის, რომ ფლორიდაში ბოლო ოთხი ზაფხული რეკორდულად ცხელია", — განაცხადა ბეტე ზირკელბახმა, ფლორიდა კისის კუთა საავადმყოფოს მენეჯერმა — "მეცნიერებს, რომლებიც ზღვის კუების კვერცხებსა და გამოჩეკილ ნაშიერებს სწავლობენ, მამრობითი სქესის არცერთი კუ არ შეუნიშნავთ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ მდედრი კუები არიან".
შესაძლოა, ეს ზღვის კუთა პოპულაციებისათვის ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს, ვინაიდან ისინი სხვა მნიშვნელოვანი საფრთხეების, ბრაკონიერობისა და ჰაბიტატის განადგურების, წინაშე უკვე ისედაც არიან.
აშშ-ის ოკეანის ეროვნული სამსახურის მიხედვით, კუს იმ კვერცხებიდან, რომლებიც საინკუბაციო პერიოდს 27.7 გრადუს ცელსიუსზე დაბალ ტემპერატურაზე გადის, მამალი კუები იჩეკებიან; მეორე მხრივ, დაახლოებით 31.6 გრადუს ცელსიუსზე მაღალ ტემპერატურაზე შენახული კვერცხებიდან მდედრები ჩნდებიან, ხოლო ცვალებად ტემპერატურულ პირობებში კი — ორივე.
პრობლემა სწორედ ისაა, რომ ტემპერატურა სულაც არ მერყეობს — ის სულ უფრო და უფრო იზრდება, ამგვარი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კი კუთა პოპულაციებს მსოფლიოს არაერთ წერტილში შეექმნება საფრთხე.
"წლების შემდეგ მათ პოპულაციაში მკვეთრ შემცირებას ვიხილავთ, რადგან გენეტიკური მრავალფეროვნება უბრალოდ აღარ გვაქვს", — თქვა მელისა როზალეს როდრიგესმა, მაიამის ზოოპარკის კუების ზედამხედველმა — "მდედრებისა და მამრების ის თანაფარდობა არ გვაქვს, რომ მათი გამრავლების პერიოდმა წარმატებით ჩაიაროს".
ამასთან ერთად, ოკეანის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ქვიშის ტემპერატურის ზრდას, შესაძლოა, კუების დახოცვაც მოჰყვეს — მალე, ალბათ, კვერცხებიც აღარ იქნება გამოსაჩეკად.
კომენტარები