ილონ მასკმა Cybertruck-ის გამოშვება კიდევ ერთხელ დააანონსა
Tesla-ს CEO-მ ილონ მასკმა გუშინ (21 ივლისს) განაცხადა, რომ თავის Cybertruck-ს 2023 წელს გამოუშვებს. აღსანიშნავია, რომ ადრე მასკმა არაერთი თარიღი დააანონსა, თუმცა მანქანა დღემდე არაა გამოშვებული.
20 ივლისს ინვესტორებთან საუბრისას მასკმა აღნიშნა, რომ ძალიან აღტაცებულია Cybertruck-ით და მას კომპანიის "საუკეთესო პროდუქტად" მიიჩნევს. ელექტრო მანქანების კომპანიამ Cybertruck — რომელსაც მასკმა უწოდა "ჯავშნიანი მაქანა მომავლიდან" — პირველად 2019 წელს წარადგინა, თუმცა როდის მივა პროდუქტი მომხმარებლამდე, ეს დღემდე უცნობია, რადგან კომპანიამ გამოშვების თარიღი არაერთხელ შეცვალა. ამა წლის იანვარშიც Tesla-მ განაცხადა, რომ მანქანას 2022 წელს გამოუშვებენ, თუმცა მალევე თარიღი ოფიციალური გვერდიდან წაშალეს.
"ჩვენ ველოდებით, რომ მომავალი წლის პირველ ნახევარში შევძლებთ Cybertruck-ის გამოშვებას", — თქვა მასკმა ოთხშაბათს. "ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ ამ პროდუქტით. ის მართლაც ჩვენი საუკეთესო პროდუქტი შეიძლება, იყოს".
კომპანია მანქანის წარმოებას ოსტინში, ტეხასის გიგანტურ ქარხანაში გეგმავს და, როგორც მასკმა აღნიშნა, ტესლა Cybertruck-ის გამოსაშვებად ამ ქარხანას უკვე დიდი ხანია ამზადებს.
"ჩვენ Cybertruck-ში და სხვა პროდუქტებში, რომლებსაც მომავალში გამოვუშვებთ, სიმარტივის სრულიად ახალ დონესა და მანუფაქტურულ სრულყოფილებას გავაერთიანებთ", — თქვა მასკმა.
ტესლას ოფიციალურად არ განუცხადებია, Cybertruck-ის რამდენი წინასწარი შეკვეთა მიიღეს. ონლაინ გამოთვლებით ეს რიცხვი 1.5 მილიონს აღწევს. ტესლა მოდელის დასაჯავშნად მომხმარებლებს 100$-ის გაღებას სთხოვს. შეძენის შემდეგ მათ ეს თანხა უკან დაუბრუნდებათ.
მაისში კომპანიამ უკვე შეწყვიტა შეკვეთების მიღება ევროპასა და აზიაში, ახლა კი მისი წინასწარი შეკვეთა უკვე მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაშია შესაძლებელი. მაშინ მასკმა თქვა, რომ ტესლას პირველ Cybertruck-ზე იმდენი მოთხოვნა აქვს, რომლის სრულ დაკმაყოფილებასაც ის, სავარაუდოდ, წარმოების დაწყებიდან მხოლოდ მომდევნო სამი წლის მანძილზე მოახერხებს.
ტექ მილიარდერის მიერ Cybertruck-ის გამოშვების განცხადება, შესაძლოა, ტესლას მეორე კვარტალის შედეგებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა იყოს. შედეგების მიხედვით, რომლებიც ასევე ოთხშაბათს გამოქვეყნდა, კომპანიას პირველად ისტორიაში შეუმცირდა შემოსავალი. ტესლამ ასევე განაცხადა, რომ საკუთარი ბიტკოინების 75% 936 მილიონ დოლარში დააკონვერტირა, რაც, მასკის მიერ კრიპტოვალუტის ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, ასევე უცნაურია.
კომენტარები