რობოძაღლი, რომელსაც იარაღის სროლა შეუძლია? — რამდენად რეალურია რუსი სტარტაპერის ინოვაცია
ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რობოძაღლი იარაღს ისვრის. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ერთი კარგი და ერთი ცუდი ამბავი.
ეს, სავარაუდოდ, "საშიში" სათამოშია, რომელიც რუსმა სტარტაპერმა შექმნა და არა რეალური პროტოტიპი.
ამ ვიდეოს კვალმა მიგვიყვანა ჰოუვერბაიკების (მფრინავი მოპედების) რუსული კომპანიის დამფუძნებელთან, ალექსანდრე ატამანოვთან, რომელმაც რობოძაღლის ვიდეოც და ფოტოც სოციალურ ქსელში მარტში ატვირთა. როდესაც რობოტს ვუყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა უკვე არსებულ რობოტზე მიმაგრებული იარაღი. არც ის ჩანს კარგად, შეუძლია თუ არა რობოტს იარაღის დამიზნება. როდესაც ალექსანდრეს Facebook ისტორიას ვამოწმებთ, ჩანს, რომ მან უბრალოდ მისთვის საინტერესო ატრიბუტები ერთმანეთთან გააერთიანა.
პირველ რიგში, აშკარაა, რომ ეს მისი შექმნილი სათამაშოა: თუ კარგად დააკვირდებით ზედა სურათს, ნახავთ, რომ რობოტს გვედზე აქვს მიმაგრებული გარკვეული ნიშანი და თუ გავადიდებთ სურათს, შევამჩნევთ, რომ ამ ნიშნის ზემოთ წერია მისი გვარი: "ატამანოვი".
ამას გარდა, ალექსანდრემ 2019 წელს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მას ზუსტად ის იარაღი უჭირავს, რომელიც გავრცელებულ ვიდეოში რობოტზეა მიმაგრებული და მხარზეც რობოტზე მიმაგრებული ნიშანი აქვს. 2022 წლის თებერვალში, ანუ ვიდეოს დადებამდე ერთი თვით ადრე, ის აქვეყნებს თავის ფოტოს, რომელშიც იგივე რობოტი ჩანს, ოღონდ ამჯერად იარაღის ნაცვლად ყავის ფინჯანი უჭირავს.
როდესაც მის Facebook გვერდს ვსქროლავთ, ვამჩნევთ, რომ მას აშკარად უყვარს იარაღებით თამაში — მაგალითად, APC-თი და შვეულთმფრენებისთვის დამიზნებაც კი. ასევე მის რობოძაღლს, რომელიც "იარაღიდან ისვრის", აშკარად ეტყობა რამდენად არაპრაქტიკულია — მსგავსი ტიპის რობოტები თავად ისე არიან დაპროგრამირებულნი, რომ ყველა მოძრაობასა და ნაბიჯს აკონტროლებენ. ატამანოვის რობოტს კი ეტყობა, რომ ის აშკარად არაა ომის იარაღი.
ცუდი ამბავი: რობოძაღლი, რომელსაც იარაღით სროლა შეუძლია, რეალურად უკვე არსებობს.
გვესმის, რომ ვიდეომ, რომელშიც რობოძაღლი იარაღს ისროდა, შესაძლოა, ჟრუანტელი მოგგვარათ. თუმცა, ამაზე რეალური ფიქრი და ნერვიულობა დაიწყო ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში, როდესაც ერთ-ერთმა კომპანიამ ოფიციალურად გამოაცხადა მსროლელი რობოძაღლის აწყობის შესახებ. ის ზუსტად ამ მიზნით შექმნეს.
კიდევ ერთი მომენტი, როდესაც ამაზე უნდა დავფიქრებულიყავით, იყო შარშან სექტემბერში, როდესაც ირანის ბირთვული პროგრამის წამყვანი მეცნიერი მოკლა რობოტმა, რომელსაც დისტანციურად (1600 კმ-ის მოშორებით) სნაიპერი მართავდა.
ან აპრილში, როდედაც საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის სიმულაციაში პირველად გამოცადა Boston Dynamics-ის რობოძაღლი.
ან უბრალოდ ყველა იმ მომენტში, როდესაც ვხედავდით პატარა რობოტებს, რომელთაც არ ჰქონდათ ძაღლისებური კიდურები — მაგალითად, პატარა დრონები — და იარაღს ატარებდნენ. ადამიანები თანდათანობით აცნობიერებენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს უკვე ძალუძთ რობოტები მომაკვდინებელ იარაღად აქციონ.
უნდა ვაღიაროთ, რომ შესაძლოა, ერთ დღესაც ადამიანის საუკეთესო მეგობარი ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. შავმა სარკემ (სერიალი) ხუთი წლის წინ ეს იდეა ძალიან კარგად გვაჩვენა და ყოველ ჯერზე, როდესაც ვხედავთ, რომ რობოძაღლები ახალ უნარებს იძენენ, მაგალითად, კარს აღებენ, რთულია, არ დაიჯერო, რომ საშინელებათა ფილმის სცენარი არ განმეორდება. თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა გამოგონება/ტექნოლოგია, რობოტებიც შესაძლოა როგორც კარგი, ასევე საშინელი მიზნებისთვის გამოვიყენოთ. როგორც ყოველთვის, აქაც თავს იჩენს მრავალმხრივ აღიარებული აზრი იმის შესახებ, რომ მთავარია, ვის ხელში აღმოჩნდება ესა თუ ის ტექნოლოგია და რა მიზნებისთვის გამოიყენებენ მას.
კომენტარები