არამიწიერი ცივილიზაცია შესაძლოა, კვანტურ შეტყობინებებს გვიგზავნიდეს
მართალია, არამიწიერი ცივილიზაციები ჯერ არ აღმოგვიჩენია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არსებობენ. მეტიც, ახალი კვლევის თანახმად, ტექნოლოგიურად განვითარებული უცხოპლანეტელები შესაძლოა, ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ კვანტურ შეტყობინებებს იყენებდნენ და მათ დედამიწისკენაც აგზავნიდნენ.
დღესდღეობით კაცობრიობა ასეთი, მაგრამ ბევრად მცირემასშტაბიანი კვანტური ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობს, რაც მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული. ეს იმიტომ, რომ მსგავსი ქსელი ძალიან სათუთია და მცირე ჩარევისასაც კი ნადგურდება.
იმის გასაგებად, თუ როგორ იმუშავებს კვანტური კომუნიკაცია ვარსკვლავთაშორის მანძილებზე, მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენად შეუშლიდა რაიმე ხელს კოსმოსში რენტგენული სხივების მოძრაობას. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ კვანტურ ნაწილაკებად ფოტონების გამოყენების შემთხვევაში, კომუნიკაცია ასობით ათასი სინათლის წლის დისტანციაზეა შესაძლებელი.
ეს იმითაა განპირობებული, რომ კოსმოსური მატერიის საშუალო სიმკვრივე დედამიწისაზე ბევრად ნაკლებია, რაც კვანტურ შეტყობინებებზე ზემოქმედების რისკს ამცირებს. მასზე გავლენას ვერც გრავიტაცია იქონიებს.
შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ არამიწიერი ცივილიზაცია კომუნიკაციის სწორედ ამ გზას მიმართავდეს. რა თქმა უნდა, ეს, ერთი მხრივ, წმინდა სპეკულაციაა, თუმცა შესაძლებლობის ზღვარს არ სცდება. თუ მართლაც ასეა, ამგვარი კვანტური სიგნალები სიცოცხლის ძიებაშიც გამოგვადგება, როგორც პოტენციური ტექნოლოგიური კვალი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეტყობინებების დეკოდირებისთვის სრულად ფუნქციონირებადი კვანტური კომპიუტერია აუცილებელი. ასევე, რადგან კვანტურ ინფორმაციას სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მაინც ვერ გაგზავნიან, დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად მას წლები დასჭირდება.
მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში Physical Review D გამოქვეყნდა.
კომენტარები