Facebook და Instagram აბორტის აბებთან დაკავშირებულ პოსტებს ბლოკავს
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც აბორტის ფედერალური უფლების აკრძალვას მოიცავს, სოციალურ მედიაში მომხმარებლები პოსტებს აზიარებდნენ, სადაც აბორტის აბების მიწოდებას სთავაზობდნენ იმ ადამიანებს, ვისაც აბორტის უფლება შეეზღუდა, ან მალე შეეზღუდება. თუმცა, როგორც ჩანს, სოციალური მედიის გიგანტი — Meta აღნიშნული შინაარსის პოსტებს ბლოკავს.
Facebook-ზე Associated Press-მა და Motherboard-მა აბორტის აბების შეთავაზების საცდელი პოსტები განათავსეს, რომლებიც მალე წაიშალა. The Verge-ის იმავე შინაარსის სატესტო პოსტსაც იგივე შედეგი მოჰყვა.
აღსანიშნავია, Meta-ის შეზღუდული პროდუქტების პოლიტიკით, რომელიც მედიკამენტების შეთავაზებას კრძალავს, ასევე აკრძალულია მარიხუანასა და ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა, გაჩუქება და გადაგზავნა. მიუხედავად ამისა, Associated Press-ის საცდელი პოსტი იარაღისა და მარიხუანას გაგზავნის შესახებ პლატფორმიდან არ წაშლილა. მსგავსი ცდა ჩაატარა The Verge-მაც და მარიხუანას გადაგზავნის შესახებ განათავსა პოსტი, რომელიც Facebook-მა მალევე წაშალა.
Meta-ის წარმომადგენელმა, ენდი სტოუნმა ორშაბათს დატვიტა, რომ პლატფორმაზე "დაუშვებელია შინაარსი, რომელიც ეხება ფარმაცევტული პროდუქტების ყიდვას, გაყიდვას, მათით ვაჭრობას, შეკვეთას, ჩუქებას ან დონაციას". სტოუნმა განაცხადა, რომ პლატფორმაზე დაშვებულია პოსტები, რომლებიც ეხება "რეცეპტით გაცემული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას".
Meta-ს დაუყოვნებლივ არ გაუცია პასუხი კითხვებზე იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა პოლიტიკა აშშ-ში აბორტის აკრძალვის შემდეგ და რითი შეიძლება აიხსნას პლატფორმაზე არსებული შეუსაბამობები.
პარასკევის შემდეგ, სოციალური მედია ძირითადი იარაღი გახდა აბორტის ხელმისაწვდომის რესურსების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.
თუმცა, სოციალური მედიის კომპანიების გადაწყვეტილებების გამო, აღნიშნული რესურსების მიმწოდებლებმა საკუთარ პლატფორმებზე წვდომა მას შემდეგ დაკარგეს, რაც მათ პროდუქტებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ NBC News-ის მიხედვით, Abortion Finder, ვებგვერდის, რომელიც პაციენტებს საშუალებას აძლევს, მათთვის საჭირო სერვისის მომწოდებელი მოძებნონ, Instagram-ზე კვირას გაუქმდა, როდესაც Meta შეზღუდული საქონლის პოლიტიკას აახლებდა. ანგარიში მალევე აღდგა.
კომენტარები