1 თვე მარსზე — როგორ წარმოუდგენია NASA-ს წითელ პლანეტაზე ასტრონავტების ცხოვრება
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA) ახლახან საზოგადოებას პროექტი წარუდგინა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ იცხოვრებენ მარსზე ასტრონავტები 30 დღის განმავლობაში.
მასში სპეციალისტებმა საერთო ჯამში 50 ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც 4 კატეგორიაში ერთიანდება. მათ შორისაა ინფრასტრუქტურული დეტალები და მეცნიერული ამოცანები. პირველ რიგში, მსჯელობა კოსმოსურ ხომალდს ეხება, რომელიც პლანეტათაშორისი მოგზაურობისთვის და ერთგვარი ბაზის სახითაა საჭირო. მკვლევრები საუკეთესო ვარიანტად ჰიბრიდულ რაკეტას განიხილავენ, რომელიც ერთდროულად ქიმიურიც იქნება და ელექტროც.
2 ასტრონავტი მარსის ორბიტაზე დარჩება, დანარჩენი 2 კი სპეციალური დასაშვები მოდულით ციური სხეულის ზედაპირზე ჩავა. ამ აპარატის წონა 25 ტონამდე იქნება. ავტორები ამბობენ, რომ ეს ადამიანები გარკვეული დროის გატარებას ჰერმეტულ მარსმავალში შეძლებენ, რომელსაც, ამავდროულად, გადასაადგილებლადაც გამოიყენებენ, რაც NASA-ს კონკრეტული სამეცნიერო მიზნების განხორციელებაში დაეხმარება.
ისინი ვარაუდობენ, რომ ეკიპაჟს წითელი პლანეტის პირობებთან შეგუება გაუჭირდება. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია იქაურ გრავიტაციაზე, რომელიც დედამიწის გრავიტაციის 1/3 გახლავთ. სწორედ ამიტომაა საჭირო ზემოხსენებული, ორმაგი დანიშნულების აპარატი, რათა გარემოს გამოკვლევის მხრივ დრო არ დაიკარგოს.
უნდა აღინიშნოს, რომ მარსზე 30-დღიანი მისია ყველაზე რეალისტურია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელსაც ასტრონავტები სახლიდან ასე შორს, უცხო გარემოში ყოფნით მიიღებენ. რომ არაფერი ვთქვათ ფინანსურ თუ ლოჯისტიკურ დეტალებზე.
ასეა თუ ისე, მსგავს მისიამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წელი გვაშორებს.
კომენტარები