Google-ის შვილობილი კომპანია მუშაობს ყურსასმენებზე, რომელიც ტვინის აქტივობას იწერს
Google-ის შვილობილი კომპანია NextSense ისეთ ყურსასმენებზე მუშაობს, რომელსაც ტვინის ელექტრული იმპულსების დაფიქსირება და ჩაწერა შეუძლია. ეს მოწყობილობა მეცნიერებს ძილისა და სხვადასხვა ნევროლოგიური დარღვევის შესწავლაში დაეხმარება.
სტარტაპის მიზანია, რომ ელექტროენცეფალოგრაფია განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანოს და ეს მონაცემები ორგანიზმში ელექტროდების ჩანერგვის გარეშე მოიპოვოს. საქმე იმაშია, რომ ამგვარი იმპლანტაცია საკმაოდ ინვაზიური პროცესია, რომლის თავიდან არიდებაც სპეციალისტებისთვისაც და პაციენტებისთვისაც სასურველია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ინოვაციური მეთოდი ეპილეფსიური შეტევების პროგნოზირების საშუალებასაც მოგვცემს.
მცირე ზომის ყურსასმენებში საკმარისი რაოდენობის ელექტროდების დამონტაჟება, რა თქმა უნდა, რთულია. მარტივი არაა ტვინიდან წამოსული სიგნალების გარჩევა და ამოცნობაც, რის გამოც NextSense-ის მკვლევრები თავდაპირველად სკეპტიკურადაც კი იყვნენ განწყობილნი, მაგრამ პროექტმა წარმატებას მიაღწია. ემორის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მოწყობილობას მოახლოებული ეპილეფსიური შეტევისთვის დამახასიათებელი ელექტროენცეფალოგრაფიული იმპულსების დაფიქსირება შეუძლია.
სტარტაპმა 5.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება უკვე მოიპოვა და გეგმავს, რომ ყურსასმენები პარტნიორ უნივერსიტეტებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შესთავაზოს. ამ წელს ისინი მარეგულირებელი ორგანოსგან, FDA-სგან ავტორიზაციის მიღებასაც ეცდებიან.
კომენტარები