სავარაუდოდ, Apple ახალ M2 ჩიპზე მომუშავე iPad Pro-ს შემოდგომას წარადგენს
Apple-ის ცნობილი ანალიტიკოსისა და ბლუმბერგის ჟურნალისტის, მარკ გურმანის ინფორმაციით, Apple ახალ, M2 ჩიპზე მომუშავე iPad Pro-ს შემოდგომას, სექტემბერსა და ნოემბერს შორის გამოუშვებს. გურმანის აზრით, iPad Pro-ს ახალი თაობა მნიშვნელოვან განახლებებს მიიღებს, მათ შორის MagSafe-ით დატენვის მხარდაჭერასაც.
Apple-მა iPad Pro-ს ბოლო მნიშვნელოვანი განახლება 2018 წელს შემოგვთავაზა. მაშინ სრულად შეიცვალა ტაბლეტის დიზაინი. პირველად ვიხილეთ კიდეებთან მაქსიმალურად დაახლოებული ეკრანი და USB-C პორტი. ეს განახლება Apple-მა 2017 წლის 10.5 დიუმიანი iPad Pro-ს გამოსვლიდან წელიწადნახევარში შემოგვთავაზა.
Apple წელსაც იმავე სქემას გაყვება. ბოლო iPad Pro, რომელსაც M1 პროცესორი ჰქონდა, 2021 წლის მაისში გამოვიდა. თუ ახალი აიპად პროს გამოსვლის სავარაუდო თარიღს დავუჯერებთ, გამოვა, რომ Apple ახალ მოდელს ისევ წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ წარადგენს.
მარტის დასაწყისში Apple-მა "Peek Performance" ღონისძიებაზე ახალი iPad Air გვანახა, თუმცა Pro მოდელზე სიტყვაც არ დასცდენია. გასულ წელს მარკ გურმანმა ივარაუდა, რომ iPad Pro უსადენო დამუხტვის მხარდაჭერასა და შუშის უკანა მხარეს მიიღებდა. ეს ცნობები 9to5Mac-მაც დაადასტურა, თუმცა გამოცემაც აღნიშნა, რომ Apple საბოლოოდ ალუმინის უკანა ნაწილზე გადაერთო, რომელსაც შუშის Apple-ის ლოგო დაამშვენებს.
კონკრეტულად M2 ჩიპის შესახებ ჯერ არანაირი ინფორმაცია არ გავრცელებულა, მისი გამოსვლის შესახებ Apple-საც არაფერი დასცდენია. თუმცა სავარაუდოა, რომ პროცესორი M1-ზე ცოტათი სწრაფი იქნება და იმავე 8-ბირთვიან არქიტექტურას გაიზიარებს. რაც შეეხება გრაფიკულ ბირთვებს, სავარაუდოდ 7-დან და 8-დან Apple 9 ან 10 ბირთვიან ვიდეო ამაჩქარებლებზე გადავა.
გურმანის აზრით M2 Pro-სა და Max-ს 2023 წელს უნდა ველოდოთ, როგორც ეს Apple-მა M1-ის შემთხვევაში ქნა. მისივე აზრით, Apple ახალ პროცესორს როგორც iPad Pro-ში, ასევე ახალ 13-ინჩიან MacBook Pro-ში, Mac Mini-ში და 24 ინჩიან iMac-შიც მოათავსებს. მიიღებს თუ არა M2 ჩიპს განახლებული MacBook Air, ამაზე ხმები ორად იყოფა. მარკ გურმანი თვლის, რომ Air-იც განახლებული ჩიპით გამოვა, ხოლო Apple ასევე ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ცნობილი ანალიტიკოსი, მინგ-ჩი კუო მიიჩნევს, რომ Air ისევ M1 ჩიპს მიიღებს.
კომენტარები