ქართული IT კომპანია Apollo 11 ფინანსურმა პოლიციამ დალუქა — რა ვიცით ამ ეტაპზე
ქართული IT კომპანია Apollo 11-ის შესახებ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის. გასულ წელს კომპანიის მიერ შექმნილი აუქციონების მართვის სისტემაზე, Artisio-ზე დავწერეთ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ეყრდნობა და რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე აქტიურად იყენებენ. საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნის პარალელურად, Apollo 11 ქმნის საგანმანათლებლო ვიდეოკონტენტს, რომელიც YouTube არხის დახმარებით ვრცელდება და IT სფეროთი დაინტერესებულთათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
დღეს, Apollo 11-ის ტექნიკური დირექტორის, ზურა სეხნიაშვილის პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ ფინანსურმა პოლიციამ კომპანიის ყველა კომპიუტერი და ოფისი დალუქა, რის შედეგადაც ქართულ ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მოღვაწე ერთ-ერთი წარმატებული კომპანია ფუნქციონირებას ვერ აგრძელებს. როგორც ზურა სეხნიაშვილის პოსტიდან ვიგებთ, დაყადაღებულია კომპანიასთან დაკავშირებული პირების ანგარიშები თუ უძრავი ქონება და უცნობია, როდის შეძლებენ Apollo 11-ის თანამშრომლები მუშაობის გაგრძელებას.
"Apollo 11 არის კომპანია, რომელიც 100%-ით მუშაობს ევროპის ბაზარზე, ბოლო 5 წელია. ორშაბათს აპოლო11-ში შემოვიდა ფინანსური პოლიცია სასამართლოს განჩინებით, დალუქეს ყველა კომპიუტერი, ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს რაღაც დოკუმენტები. დალუქეს მთლიანად ოფისი და გაგვიშვეს სახლებში", — წერს ზურა სეხნიაშვილი.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედებების სავარაუდო მიზეზი ისაა, რომ იმავე შენობაში, სადაც მათი ოფისია განთავსებუული, დაახლოებით ერთი თვის წინ, ე.წ. ქოლ ცენტრს ჰქონდა ფართი დაქირავებული. ეს უკანასკნელი კი ფინანსურ მაქინაციებში იყო ჩართული.
ოფისის დალუქვის პროცესის პარალელურად, ზურა სეხნიაშვილის ინფორმაციით, Apollo 11-ის თანამშრომელთა ნაწილის ბინებიდან კომპიუტერები და მყარი დისკები წაიღეს. "პირადად მე, ჩამომართვეს და დამილუქეს როგორც სამსახურის ლეპტოპი, ისე სახლის სარენდერო კომპიუტერი, რომელზეც ვიდეოებს ვამონტაჟებ ხოლმე, სახლის ძველი ლეპტოპი და მყარი დისკი, რომელზეც10 წლის სურათების ისტორია ინახება".
"ყველა თანამშრომელი წავიდა სახლში და პრაქტიკულად გავჩერდით. [...] არადა, 1 კვირის წინ გავუშვით პროდაქშენში ჩვენი ახალი პროდუქტი "Online Timed Auctions", რომელიც გაგანია საფორთის ფაზაშია. კიდევ უფრო უარესი არის ის, რომ საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება დაგვიყადაღეს, როგორც კომპანიის ისე ფიზიკური პირების: მე, ვასკას, გუგას და კომპანიის CEO-ს - Irakli Svanidze-ს. სანამ არ გაირკვევა მანამდე ასე უნდა იყოს. არ ვიცი ვინმეს აინტერესებს თუ არა ის რომ ოჯახები გვყავს სარჩენი და პატარა ბავშვები გვყავს ოჯახებში. ამაზე უარესი ისაა, რომ ვერ გვეუბნებიან დაახლოებით მაინც, რამდენი ხანი დასჭირდება ამ საქმის გამოძიებას".
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო წლების განმავლობაში Apollo 11 ევროპის ბაზარზე ოპერირებს და საქართველოდან ქმნის პროდუქტებს, რომელთაც უცხოური კომპანიები და ორგანიზაციები ნერგავენ. 2020 წლიდან Apollo 11-ის ყველაზე მსხვილი აქციონერი ბრიტანული IT საკონსულტაციო კომპანია Centigen Soft-ია. აქვე შეგიძლიათ ნახოთ ერთ-ერთი ვიდეო, რომელშიც Apollo 11-ის ტექნიკური დირექტორი დამწყებთათვის PHP კურსს უძღვება.
"5 წელია ვცდილობთ, კომფორტული გარემო შევქმნათ, სადაც თანამშრომელს მოსვლა უხარია და დასანანია უბრალოდ, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი რაღაცები ხდება.
ეს ყველაფერი სურვილს გიკარგავს ამ ქვეყნიდან შენთვის წყნარად აკეთო წესიერი საქმე და ამით ქვეყანასაც სარგებელი მოუტანო. ჩვენთვის დიდი ხნით გაჩერება, ფაქტობრივად, კომპანიის და ბიზნესის გაკოტრების ტოლფასია", — წერს ზურა სეხნიაშვილი.
დეტალების გასარკვევად NEXT.On.ge დაუკავშირდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სადაც გვითხრეს, რომ კომპანია აპოლო 11-თან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე სხვა კომენტარს ვერ გააკეთებენ.
კომენტარები