ილონ მასკის Starlink-ის აპლიკაციამ უკრაინაში ჩამოტვირთვების რეკორდი მოხსნა
Wall Street Journal-ის ცნობით, აპლიკაცია, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის ხელოვნური თანამგზავრების თანავარსკვლავედით უზრუნველყოფილ ინტერნეტს გვთავაზობს, უკრაინაში Apple App Store-დან რეკორდული რაოდენობით ჩამოტვირთეს.
სპეციალური სამონიტორინგო კომპანიის, Sensor Tower-ის ინფორმაციით, 13 მარტს Starlink-ის ინტერნეტის იმავე სახელწოდების პროგრამა ქვეყანაში გადმოწერების რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე აღმოჩნდა. მნიშვნელოვანია, რომ მოწინავე პოზიცია მან მომდევნო დღესაც შეინარჩუნა.
Google Play-დან და App Store-დან აღნიშნული აპლიკაცია 1 დღეში გლობალურად დაახლოებით 21 000-მა მომხმარებელმა დააინსტალირა, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. მათი უმეტესობა სწორედ უკრაინის მაცხოვრებელია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდასხმის ობიექტად ქცეულ სახელმწიფოში მყოფი მოსახლეობისთვის Starlink ხელმისაწვდომი თებერვალში გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, მიხაილო ფედოროვმა მასკს სოციალურ ქსელ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში დახმარება სთხოვა.
მილიარდერმა ინტერნეტკავშირისთვის საჭირო მოწყობილობები იქ დაუყოვნებლივ გაგზავნა. შედეგად ის მივიღეთ, რომ უკანასკნელ 2 კვირაში ზემოხსენებული პროგრამის ჩამოტვირთვების საერთო რიცხვი გასამმაგდა, მხოლოდ უკრაინაში კი ამ რაოდენობამ 98 000-სს მიაღწია.
კომენტარები