"რაღაც ისე ვერ არის" – Spotify და Discord გლობალურად შეფერხებით მუშაობს
Spotify და Discord შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ TechCrunch წერს. მომხმარებლები აღნიშნულ პლატფორმებზე შესვლას ვერ ახერხებენ.
ერთ-ერთ უმსხვილეს მუსიკალურ ბიბლიოთეკას — Spotify, ბოლო დღეებია, პრობლემები აქვს. "რაღაც ისე ვერ არის" — წერს პლატფორმა უახლეს ტვიტში.
შეფერხებას ეხმაურება Discord-იც:
აღნიშნული Downdetector-ზეც დასტურდება. აქ მომხმარებლები როგორც Spotify-ს, ასევე Discord-ის პრობლემებზე მიუთითებენ. პლატფორმის თანახმად, Spotify-ს მომხმარებელთა 73%-ს აპლიკაციასთან დაკავშირებული შეფერხება აქვს, ხოლო Discord-ის მომხმარებელთა 56% სერვერთან კავშირს ვერ ამყარებს. ორივე პლატფორმა პრობლემის აღმოფხვრაზე უკვე მუშაობს.
ქართველი კიბერუსაფრთხოების ინჟინერი, ლევან აბესაძე აღნიშნულს რუს ჰაკერებთან აკავშირებს:
"7 თებერვალს აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ განაცხადა, რომ დაახლოებით 52 კომპანიიდან მოხდა ინფორმაციის მასობრივი გაჟონვა, ხოლო ამ ყველაფერში დამნაშავე Ragnarok Locker რენსომვეარი (ვირუსის ტიპი) იყო. ეს ყველაფერი კი, მათი აზრით, პირდაპირ კავშირში იყო იმ კიბერომთან, რომელსაც აწარმოებენ რუსი ჰაკერები მსოფლიოს წინააღმდეგ და რომელშიც, ჯერჯერობით, აშკარად ჩაგრავენ მსოფლიოს. ეს დღესაც გაგრძელდა უკვე ჰაკერული დაჯგუფება "ლაპსუს" მიერ პოტენციურ მსხვერპლთა სიის გამოქვეყნებით, სადაც ყველა დიდი ორგანიზაცია შედიოდა, ჰოლივუდიდან დაწყებული ტექნოლოგიური გიგანტებით დასრულებული.
პირველად ამ ტიპის რენსომვეარი გამოყენებული იქნა 2019 წელს, როცა მასიური შეტევა განხორციელდა. მაშინ ისინი რენსომვეარს იყენებდნენ Remote კონტროლისთვის. თუმცა ფაქტია, რომ ვირუსმა მოდიფიკაცია განიცადა და უფრო განვითარდა. ბიურო, ჯერჯერობით, არ ასახელებს ამ კომპანიებს, თუმცა მარტივად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტებზეა საუბარი, როგორიც Spotify-ია", — ამბობს ლევან აბესაძე.
კომენტარები