ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარტიიდან წევრების ნაწილი გამოეყო. დავით ბაქრაძემ თანამოაზრეებთან ერთად დღეს, 12 იანვარს, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე პარტიის დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, უთანხმოების ძირითადი მიზეზები იყო, "წარსულის შეფასება", "ბრძოლის მეთოდები, სტრატეგია და ტაქტიკა":

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განსაკუთრებით გამწვავდა სიტუაცია, სადაც პარტიის შიგნით შეიმჩნეოდა ფუნდამენტური შეუთავსებლობა. ეს საკითხები ეხებოდა პარტიის სტრატეგიას და ტაქტიკას, წარსულს და წარსულის შეფასებას, პარტიის აწმყოს და იმ მეთოდებს, რომელიც პარტიას უნდა ეკავოს პოლიტიკურ ინსტიტუტებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში და რაც მთავარია ეს უთანხმოება ეხებოდა და ეხება პარტიის მომავალს, თუ რა უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მეთოდები და რა უნდა შევთავაზოთ ჩვენს ხალხს. ამ უთანხმოების ლოგიკური გაგრძელება და კულმინაცია გახლდათ ის დებატი, რომელიც მიმდინარეობდა პარტიის დაგეგმილი ყრილობის გარშემო. ჩვენი შეფასებით, ყრილობა იმ ფორმით, რომელიც ის იგეგმება მოემსახურება პარტიის შემდგომ გახლეჩვას და ვერანაირად ვერ შეასრულებს პარტიის კონსოლიდაციის ფუნქციას".

ბაქრაძის განცხადებით, ის და მისი გუნდი გააგრძელებს "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის" წინააღმდეგ ბრძოლას.