უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა საფრთხეების შემცველია და ამიტომ არ უნდა, რომ მეგობარი ქვეყანა უკრაინა ამ საფრთხეების წინაშე დადგეს.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზეს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უკრაინელ კოლეგებთან ამ საკითხზე კონსულტაციები ჰქონდათ.

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ რაციონალური გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი უკრაინელი კოლეგების მხრიდან.ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ საბოლოო ჯამში იქნება მიღებული რაციონალური გადაწყვეტილება. ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც თუნდაც მინიმალური საფრთხის ქვეშ არ დააყენებს უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს", — განაცხადა კობახიძემ იმედის ეთერში.

22 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერის პოსტზე განიხილებოდა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, თანამდებობა მას პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესთავაზა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი მმართველი პარტიის ხალხის მსახურის ფრაქციის დეპუტატებს შეხვდა და საკუთარი გეგმა გააცნო. მისივე თქმით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა.

"პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებები დამავალა. უკრაინას გაცილებით დიდი დახმარება სჭირდება, ვიდრე იღებს", — აღნიშნა სააკაშვილმა შეხვედრის დაწყების წინ.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, რადაში მის კანდიდატურას 30 აპრილს უყრიან კენჭს