თბილისობა 2016 15 და 16 ოქტომბერს გაიმართება. მზადების სამუშაოები რიყეზე, ლეღვთახევსა და ახალ ტფილისში მიმდინარეობდა.

"სიცოცხლის ხის" სკულპტურა

ფოტო: თბილისის მერია

თბილისობა 2016 -ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა სიცოცხლის ხე დაიდგა. 9-მეტრიანი სკულპტურული კომპოზიცია ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.

  • 11:00 საათზე ვაკის პარკში გაიხსნება საბავშვო ქალაქი შუმბალენდი;
  • 12:00-დან 18:00 საათამდე საბურთალოს გამგეობის მიერ ორგანიზებული გასართობი ღონისძიებები ბუკიას ბაღში;
  • 12:00 საათზე ლეღვთახევში სხვადასხვა ღონისძიებების გახსნა;
  • 13:00 საათზე - ღონისძიებები რიყზე;
  • 17:00 საათი - არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება რედისონში.

მერიის ცნობით, წელს რიყე, ახალ ტფილისთან და ლეღვთახევთან ერთად, თბილისობის ღონისძიებებით ყველაზე დატვირთული ადგილია. ფესტივალის ფარგლებში, რიყესა და ევროპის მოედანზე სხვადასხვა კულტურული და სპორტული, საბავშვო გასართობი ღონისძიებები და კულინარიული გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ფოტო: თბილისის მერია

რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცევა. თბილისობა 2016-ის პატარა სტუმრებისთვის უკვე მზად არის საბავშვო თეატრი და ქვიშის ქალაქი, სადაც მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები გაიმართება. პარკში ასევე განთავსებულია რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე დასრულებულია კულინარიის ქუჩის მოწყობა, სადაც გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლებათ.

ევროპის მოედანზე განთავსებულ სცენაზე, 15 და 16 ოქტომბერს, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორული და ახალგაზრდული ბენდების კონცერტები გაიმართება.