დუბაი პირველი ქალაქია, რომელიც ქაღალდს აღარ გამოიყენებს
ხელისუფლებისა და მოსახლეობის ცხოვრების გაციფრულებისთვის, დუბაის მთავრობამ ქაღალდის გამოყენებაზე საბოლოოდ თქვა უარი და ამ მხრივ მსოფლიოში პირველი გახდა. ამის შესახებ მათ 2018 წელს განაცხადეს, გეგმის რეალიზაცია კი საბოლოოდ წელს დასრულდა. მიჩნეულია, რომ ამ ნაბიჯის შედეგად დუბაიმ 336 მილიონი ქაღალდის ფურცელი, 14 მილიონი საათის შრომა და 1.3 მილიარდი დირამი (350 მილიონი დოლარი) დაზოგა, ყველა სამთავრობო პროცესმა კი ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.
ამ ამბის შესახებ განცხადება შაბათს დუბაის ტახტის მემკვიდრე პრინცმა, შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა, Twitter-ზე გააკეთა და 45 სამთავრობო უწყებაც აღნიშნა, რომლებიც ქაღალდის გამოყენებაზე დუბაის უქაღალდო სტრატეგიის ფარგლებში ამბობენ უარს.
"ეს მიღწევა ამყარებს დუბაის, როგორც პიონერისა და მისაბაძი მაგალითის გლობალურ პოზიციას ინტეგრირებული ციფრული სერვისების განვითარებაში, რაც აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას", — წერს შეიხ ჰამდანი Twitter-ზე.
ეს ნაბიჯი პატარა მიღწევა არ ყოფილა და იგი ხუთ ეტაპად განხორციელდა. Gulf News-ის მიხედვით, 45 სამთავრობო უწყება მოიცავს დაახლოებით 1 800 ციფრული სერვისს და 10 500-მდე საკვანძო ტრანზაქციას, რომელზეც ქაღალდის გარეშე უნდა გადასულიყვნენ.
სტრატეგიის სრულად განხორციელებით დუბაის ხელისუფლებაში დასაქმებულებისა და მომხმარებლებისთვის ქაღალდის დოკუმენტებისა და ტრანზაქციების საჭიროება აღარ იარსებებს.
დუბაი ახლა აპლიკაციის, სახელწოდებით DubaiNow-ის გამოყენებას გეგმავს, რომელიც მომხმარებლებს ქალაქის 130 "ჭკვიან" სერვისთან დააკავშირებს. ასეთებია: პარკინგის ჯარიმის გადახდა, მანქანის რეგისტრაციის განახლება, ბინადრობისთვის განაცხადის გაკეთება და ა.შ. ამ საქმეების მოგვარებას კი დუბაის მაცხოვრებლები მობილური ტელეფონებიდან შეძლებენ.
კომენტარები