Toyota ელექტრომობილებში $35 მილიარდს ჩადებს და 2030 წლისთვის 30 მოდელი ეყოლება
იაპონია ნახშირბადნეიტრალურობას ძალიან სერიოზულად უდგება.
CNBC-ის ინფორმაციით, იმისათვის რომ 2030 წელს Toyota-ს 30 ელექტრო მოდელი ჰყავდეს, კომპანია $35 მილიარდიანი (4 ტრილიონი იენი) ინვესტიციის გაკეთებას გეგმავს
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტოიოტა შიგაწვის ძრავებს დათმობს. გიგანტური კონცერნის ხედვა ასეთია — ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ზიანის შესამცირებლად, თუმცა ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რათა ამას გავლენა არ ჰქონდეს დედამიწის მოწყვლად მოსახლეობაზე, რომლებსაც იაფიანი ავტომობილების შეძენა სურთ.
CNBC-სთან საუბარში, Toyota-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, აკიო ტოიოტამ განაცხადა, რომ მათი მიზანი 2029 წლისთვის გლობალური მასშტაბით 3.5 მილიონი ელექტრომობილის გაყიდვა იქნება. ტოიოტას ელექტრომობილების უმეტესობა, რომელიც ახლა წარმოებაშია, სრულად ელექტრო არ არის, მათ დიდ ნაწილს მცირე ელემენტებთან ერთად შიგაწვის ძრავაც აქვთ. ტოიოტას ავტოპარკში სრულად ელექტრო ავტომობილები ამ დროისთვის ბევრი ნამდვილად არ არის.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ Toyota-მ ძლიერ გაზარდა ინვესტიცია ელემენტების ინდუსტრიაში და დაფინანსება $4.4 მილიარდიდან $17.6 მილიარდამდე გაზარდა. ტოიოტა კვლევებში, დეველოპმენტსა და ფიზიკური ობიექტების, როგორიცაა ქარხნები და ოფისები, განვითარებაში დიდ ინვესტიციებს დებს.
გარდა ამ ყველაფრისა, Toyota-ს სხვა, უფრო მსხვილი გეგმებიც აქვს. საავტომობილო გიგანტი დამატებით 35 მილიარდი დოლარის ჩადებას სხვა ჰიბრიდულ, წყალბადზე მომუშავე და Plug-in ჰიბრიდულ ავტომობილებშიც გეგმავს.
"საავტომობილო ბაზარი ახლა ძალიან დივერსიფიცირებულია და ჩვენ უნდა შევძლოთ მარკეტის ტრენდებზე აყოლა, რათა მომხმარებელს ავტომობილი ყველა კლასში მივაწოდოთ. ჩვენ გვჯერა, რომ სიახლეებთან სწრაფი ადაპტირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმის გამოცნობა, თუ რა იქნება მომავალში." — განაცხადა Toyota-მ, განვითარების სტრატეგიებთან დაკავშირებულ ბრიფინგზე.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები