Apple-მა თურქეთში გაყიდვები შეაჩერა — თურქული ლირის ფასი ერთ დღეში 15%-ით დაეცა
თურქული ლირა ისტორიულად გაუფასურდა. გუშინ თურქული ლირის ფასმა დოლართან მიმართებაში 15%-ით დაიწია. თურქები, რომლებიც ბოლო დღეებში iPhone-ებისა თუ სხვა ელექტრონული მოწყობილობების შეძენას ცდილობენ, პასუხად "ერორებს" იღებენ. როგორც ცნობილი გახდა, Apple-მა თურქეთში გაყიდვები ოფიციალურად შეაჩერა.
თურქულმა ლირამ რეკორდულ მინიმუმს ოთხშაბათს მიაღწია. ეს ყველაფერი ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. მიუხედავად აქტიური და ფართომასშტაბიანი კრიტიკისა, პრეზიდენტმა რეფინანსირების განაკვეთების მკვეთრ შემცირებას დაუჭირა მხარი.
ლირამ მთელი წლის განმავლობაში თავისი ღირებულების 43% დაკარგა, 22%-ზე მეტი კი მხოლოდ ბოლო კვირის დასაწყისიდან დღემდე.
ამან გამოიწვია ის, რომ ადგილობრივ ვალუტაში ტექნიკის შეძენა უფრო ნაკლებად თანხად იყო შესაძლებელი, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში. გადამყიდველებმა ფასების დარეგულირება ვერ შეძლეს.
Apple-ის თურქულმა ვებსაიტმა ყველანაირი ტექნიკის გაყიდვა მომენტალურად შეაჩერა. ლირის უეცარი ვარდნით iPhone-ებისა და მაკბუქების ფასები ამერიკულთან შედარებით 10%-ით დაბალი აღმოჩნდა.
სტამბულის Apple-ის მაღაზიის წარმომადგენლის თქმით, მოხმარებლებმა აიფონების შეძენა ინვესტიციის სახით დაიწყეს.
"ადამიანები ტექნიკაში ხედავენ ღირებულებას. ისინი სმარტფონებს ინვესტიციად აღიქვამენ, რადგან იციან, რომ მომავალში უფრო ძვირად გაყიდვას მარტივად შეძლებენ", — ამბობს Apple-ის სტამბულის მაღაზიის წარმომადგენელი, რომელმაც Businessinsider-თან საუბარში ანონიმურობა ამჯობინა.
მომხმარებლები იმპორტულ ბრენდებს მიაწყდნენ, ძირითადად ტექნიკასა და კოსმეტიკას. სიტუაცია იმანაც გააუარესა, რომ კრიზისი "შავ პარასკევსა" და საახალწლო ფასდაკლებებს დაემთხვა. ამან გაზარდა შიშები, რომ დახლებზე აღარაფერი დარჩებოდა ან მათი ფასები კატასტროფულად გაიზრდებოდა.
დიდი სავაჭრო ცენტრები მსხვილ ბრენდებსა და მაღაზიებს სთხოვენ, არ გაზარდონ ფასები ფასდაკლების კვირეულში მაინც, რათა ცენტრებმა მომხმარებლები შეინარჩუნონ, თუმცა თავის მხრივ, ამის გამო კომპანიები ზარალზე მიდიან. სწორედ ამან გადააწყვეტინა Apple-ს გაყიდვების შეჩერებაც.
კომენტარები