მეტალის მჭამელი ბაქტერია ლურსმანს სულ რაღაც სამ დღეში შთანთქავს
სამთო-მოპოვებითი მრეწველობისაგან გამოწვეულ დაბინძურებას თუ შესაბამისად არ მივუდგებით, შესაძლოა, მან გარემოზე გამანადგურებელი ზეგავლენა იქონიოს: საშახტო სამუშაოებისაგან მიღებული ნარჩენები, მძიმე მეტალები და მჟავური წყალი, რომელიც ხშირად მდინარეებში ჩაედინება, დასავლურ წყალგასაყართა დაახლოებით 40 პროცენტის მთავარ წყალსაკრებებს აბინძურებს. EPA-ზე დაყრდნობით, მეტალთა მოპოვებამ მხოლოდ 2017 წელს დაახლოებით მილიარდი ტონა ტოქსიკური ნარჩენი წარმოშვა.
მზარდი პრობლემის საპასუხოდ, მკვლევართა გუნდმა, რომელსაც ბიოტექნოლოგი ნადაკ რეალსი ხელმძღვანელობდა ჩილეში, შესაძლო გამოსავალი აღმოაჩინა. მისი საშუალებით სამთო-მოპოვებითი მრეწველობისაგან დატოვებული ნარჩენების გაწმენდაში შეიტანენ წვლილს. როგორც მეცნიერებმა გვიჩვენეს, განსაკუთრებული ტიპის ბაქტერიას შეუძლია, შიმშილისას ერთი ლურსმანი სულ რაღაც სამ დღეში შეჭამოს. ამის შესახებ ინფორმაციას Phys.org-ი ავრცელებს.
ჩილე მსოფლიოს მასშტაბით ლიდერობს სპილენძის წარმოებაში, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 15 პროცენტს შეადგენს. შესაბამისად, იქ ბევრი ისეთი ნარჩენია, რომელიც გარემოს კარგს არაფერს უქადის. სწორედ ამიტომ, ქვეყანას ამის გასაკონტროლებლად დამხმარე საშუალება ნამდვილად ესაჭიროება. თუ მეთოდს შესაბამისი ინვესტიციებით უფრო დიდ მასშტაბს შესძენენ, შესაძლოა, იგი მთელ მსოფლიოსაც ძალიან გამოადგეს.
ბაქტერიის დაპურება მსოფლიოს დაეხმარება
ახლად აღმოჩენილი მეთოდი ექსტრემოფილებს, ანუ ისეთ ორგანიზმებს მოიცავს, რომლებიც ყველაზე მკაცრ პირობებშიც კი ხარობენ. რეალესი და მისი გუნდი რკინის მჟანგავ ბაქტერიაზე, სახელად Leptospirillum-ზე ფოკუსირდა. იგი ტატიოს გეიზერებიდან მოიპოვეს, რომლებიც ზღვის დონიდან 4 200 მეტრის სიმაღლეზეა და ჩილეს საპორტო ქალაქ ანტოფაგასტადან 350 კილომეტრითაა დაშორებული.
ბაქტერია მხოლოდ მეტალთა სიყვარულით არ გამოირჩევა — Leptospirillum-ს ცოცხალი ორგანიზმების საშუალებით მადნიდან მეტალის გამოსაცალკევებლადაც იყენებენ. ექსპერიმენტის დასაწყისში მათ ორი თვე მოანდომეს ლურსმნის ამოჭმას. მეცნიერებს უნდოდათ, პროცესი უფრო დაეხვეწათ, ორწლიანი ტესტირებების შედეგად კი პროცესი ისე დაჩქარდა, რომ ორთვიანი ვადა სულ რაღაც სამ დღემდე შემცირდა.
რა თქმა უნდა, ეს ბაქტერიები გარემოსა და ადამიანებისათვის სახიფათო არაა, რასაც ქიმიური და მიკრობიოლოგიური ტესტები ადასტურებს. როდესაც დაქუცმაცების პროცესი სრულდება, თხევადი, ალისფერი ნაშთი, სახელად ლიქსივიანტი რჩება. შესაძლოა, თხევადი ნარჩენი ქანიდან სპილენძის მოსაშორებლად გამოვიყენოთ, ეს კი იმაზე ეკომეგობრული მეთოდია, ვიდრე არსებული ხერხები. როგორც რეალსი გვაუწყებს, ამის საშუალებით, სრულებით შესაძლებელია, რომ სამთო-მოპოვებითმა მრეწველობამ ნაკლებად დააზიანოს გარემო.
კომენტარები