Microsoft-მა გუშინ Windows 11-ის პირველი სარეკლამო ვიდეორგოლი გაავრცელა. 60-წამიანი ვიდეო ხატოვნად გვიჩვენებს Microsoft Store-ს, Microsoft Teams-სა და სხვა მრავალ ფუნქციას, რითაც მაიკროსოფთის ახალ ოპერაციულ სისტემას შეუძლია უზრუნველგვყოს. ვიდეორგოლის გმირი "კედლებში გადის" და ასე, სისტემის სხვადასხვა "ფანჯარაში" შეუძლია აღმოჩენა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ვიდეო მეტადაა ფოკუსირებული ოპერაციული სისტემის ვიზუალურ მხარეზე, ვიდრე მის ფუნქციებზე. მაიკროსოფთმა დიდი დრო დაუთმო Windows 11-ის ვიზუალებსა და დიზაინს, იმისათვის, რომ მომხმარებლისთვის მისი გამოყენება მარტივი და მოსახერხებელი ყოფილიყო.

ცნობილია, რომ Microsoft Windows 11-ის გამოშვებას 5 ოქტომბერს გეგმავს, თუმცა, ის ყველა მოწყობილობასთან თავსებადი არ იქნება. იმისათვის, რომ უახლესი ოპერაციული სისტემით ისარგებლოთ, თქვენი კომპიუტერი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. 22 სექტემბერს მაიკროსოფთი Windows 11-თან თავსებად Surface Go 3-ს, Surface Pro 8-ს, Surface Pro X-სა და ახალ Surface Book-ს წარადგენს, ხოლო რამდენად გაქაჩავს თქვენი ლეპტოპი Windows 11-ს ამ სტატიიდან შეგიძლიათ გაიგოთ.