ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებშიც მეცნიერებმა მარტორქები თავდაყირა დაკიდეს იმის გასაგებად, თუ რა ზეგავლენა ექნებოდა ამას ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ერთ-ერთია, რომელიც ტრანსპორტირების კუთხით წლევანდელი Ig ნობელის პრიზით დაჯილდოვდა.

პრიზი ასევე მიიღეს გუნდებმა, რომელთაც ტროტუარზე მიკრულ საღეჭ რეზინში არსებული ბაქტერიები გამოიკვლიეს, ასევე ის, თუ როგორ გავაკონტროლოთ ტარაკნები წყალქვეშა ნავში და სხვა.

იმიტირებული პრიზები ისეთი ცნობილი ნამდვილად არაა, როგორც ორიგინალი ნობელის პრიზი. ცერემონია, როგორც წესი, ჰარვარდის უნივერსიტეტში ტარდება ხოლმე, შეერთებულ შტატებში, თუმცა კოვიდშეზღუდვების გამო ყველაფერი ონლაინ წარიმართა.

ფოტო: IG NOBEL

იუმორისტული სამეცნიერო ჟურნალი, სახელად Annals of Improbable Research, აცხადებს, რომ Ig ნობელის პრემიის მიზანია, ჯერ გაცინოთ, შემდეგ კი დაგაფიქროთ. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ მარტორქების თავდაყირა დაკიდება ნამდვილად ასეთ ამბავთა ნუსხას მიეკუთვნება.

კორნელის უნივერსიტეტის ველური ცხოველების ვეტერინარმა რობინ რედკლიფმა და მისმა კოლეგებმა ზუსტად ეს გააკეთეს ნამიბიაში, რადგან უნდოდათ გაეგოთ, ცხოველების ჯანმრთელობაზე ცუდად ხომ არ აისახებოდა, თუ ვერტმფრენზე ფეხებით დაკიდებდნენ.

საქმე იმაშია, რომ მეთოდს უფრო და უფრო ხშირად იყენებდნენ აფრიკაში, რათა გარემოსდაცვითი სამუშაოების ფარგლებში მარტორქები ფრაგმენტირებული ჰაბიტატის მხარეებს შორის გადაეყვანათ.

გადაშენების გზაზე მდგომი შავი მარტორქა სხვა ადგილას გადაჰყავთ, რათა გამრავლების პროცესში გენეტიკური მრავალფეროვნება უზრუნველყონ.

ფოტო: NAMIBIAN MINISTRY OF ENVIRONMENT

რობინი აცხადებს, რომ, ამისდა მიუხედავად, არავის ჩაუტარებია საფუძვლიანი გამოძიება იმის შესამოწმებლად, თუ როგორ უმკლავდება ფრენას დამამშვიდებლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ცხოველთა გული და ფილტვები.

"ნამიბია პირველი ქვეყანა არ ყოფილა, რომელმაც ამ მეთოდს მიმართა, თუმცა იგი პირველია, რომელიც შეჩერდა და ინიციატივა წამოაყენა, რომ შეესწავლათ, რამდენად უსაფრთხოა მარტორქებისათვის თავდაყირა ფრენა", — განაცხადა მან BBC News-თან საუბრისას.

ამიტომაც, მისმა გუნდმა, ნამიბიის გარემოს დაცვის, ტყის მეურნეობისა და ტურიზმის სამინისტროსთან ერთად, ამწეზე 12 შავი მარტორქა ჩამოკიდა, რომელთაც დამამშვიდებელი ჰქონდათ გაკეთებული, და მათი ფიზიკური რეაქციები გაზომა.

როგორც ირკვევა, ცხოველები ამას საკაოდ კარგად გაუმკლავდნენ. სინამდვილეში, იმის მტკიცებულებაც კი არსებობს, რომ მარტორქები ამ პოზაში უკეთესადაც კი იყვნენ, ვიდრე მაშინ, როდესაც უბრალოდ მუცელზე ან გვერდულად იწვნენ.

"ვფიქრობ, ასე იმიტომ ხდება, რომ გვერდზე მწოლიარე პოზა სისხლის მიმოქცევაზე ახდენს გავლენას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფილტვის ქვედა ნაწილები აირთა მიმოცვლისათვის სისხლის დიდ ნაკადს იღებს, მაგრამ მისი ზედა ნაწილი, გრავიტაციის გამო, სისხლით ასევე კარგად არ იჟღინთება, ამიტომაც, მარტორქისთვის თავდაყირა დაკიდება იგივეა, რაც ჩვეულებრივად დგომა, რა დროსაც ფილტვები სისხლით თანაბრად მარაგდება".

გვერდზე მწოლიარე მარტორქა

"ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ მარტორქებს, რომლებიც გვერდულ პოზაში, განსაკუთრებით კი მკერდზე დიდხანს ჩერდებიან, კუნთების დაზიანება — მიოპათია უვითარდებათ, რადგან ძალიან მძიმეები არიან. ამ შემთხვევაში მათ ფეხებზე ზეწოლა არაა, გარდა ღვედის შეგრძნებისა კოჭის გარშემო", — აგვიხსნა რობინმა.

ჩვეულებისამებრ, Ig ნობელის ცერემონიაზე პრიზები ნამდვილ ნობელის ლაურეატებმა დაარიგეს, მათ შორის ფრენსის არნოლდმა (ქიმია, 2018 წელი), მარტინ შალფმა და ერიკ მასკინმა (ეკონომიკა, 2007 წელი).

გამარჯვებულებმა სხვა ონლაინ-ჯილდოსთან ერთად, ფულადი პრიზიც მიიღეს: 10 ტრილიონი დოლარი ყალბი ზიმბაბვეური ბანკნოტების სახით.

"როდესაც Ig ნობელის შესახებ პირველად გავიგე, კარგი იყო თუ ცუდი, არ ვიყავი დარწმუნებული. თუმცა, ვფიქრობ, ყველაფერი ჩვენთვისაც ისევეა, როგორც გზავნილში: ჯერ გაცინებს, შემდეგ კი გაფიქრებს. უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს, თუ რა ძალისხმევაა გაღებული იმისათვის, რომ სცადონ და ეს საოცარი ცხოველები გადაარჩინონ — ცხოველები, რომლებიც დედამიწაზე ჩვენთან ერთად ცხოვრობენ", — განაცხადა რობინმა.

გუნდის წევრმა, დოქტორმა პიტ მორკელმა დაამატა: "ამან ნამდვილად შეცვალა მარტორქების გადაადგილების საკითხი და მით უფრო სპილოებისაც. უზარმაზარი ცხოველების ფეხებით აწევა ახლა უკვე მიღებულია. შემდეგში ისღა დაგვრჩენია, რომ კვლევები სხვა სახეობებზეც ჩავატაროთ, როგორებიცაა თუნდაც კამეჩი, ჰიპოპოტამი ან, თუნდაც, ჟირაფი."

სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილეთა ვინაობა იხილეთ ბმულზე, მანამდე კი მათ მიერ გამოკვლეულ რამდენიმე საკითხს შემოგთავაზებთ:

  • ჰაერის ანალიზი კინოთეატრებში, რათა გაერკვიათ, მაყურებლის მიერ ნაწარმოები სუნი რამდენად აჩვენებს ძალადობის, ნარკოტიკების მოხმარების, ანტისოციალური ქცევის, სექსისა და უწმაწური საუბრის დონეებს ფილმში, რომელიც მათ იხილეს.
  • ქვეყნის პოლიტიკოსთა ჭარბწონიანობა, შესაძლოა, ქვეყნის კორუფციის კარგი მაჩვენებელი იყოს.
  • ადამიანებს, შესაძლოა, წვერი იმიტომ განუვითარდათ, რომ სახეში დარტყმისგან დაეცვათ თავი.
  • ცხვირით სუნთქვის გასაუმჯობესებლად სექსუალური ორგაზმი, შესაძლოა, ისეთივე ეფექტური იყოს, როგორც შესაბამისი მედიკამენტები.
  • რატომ ეჯახებიან ქვეითები ზოგჯერ სხვა ქვეითად მოსიარულეებს.
  • ქვეითები მუდმივად რატომ არ ეჯახებიან სხვა ქვეითად მოსიარულეებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.