ფიზიკოსებმა ლაზერული თერმობირთვული სინთეზით რეკორდული რაოდენობის ენერგია გამოიმუშავეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარე ლაზერული თერმობირთვული რეაქციების სახელმწიფო კომპლექსში მომუშავე მეცნიერებმა რეკორდი დაამყარეს. მათ მსგავსი სინთეზის დროს, 10 კვადრილიონზე მეტი ვატის გამომუშავება შეძლეს, რაც მხოლოდ 1 წამზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდა. ამის მიუხედავად, ამ რაოდენობის ენერგია ქვეყნის მთლიანი ელექტროქსელის ენერგეტიკულ სიმძლავრეს თითქმის 700-ჯერ აჭარბებს.
ახალი მიღწევა კალიფორნიის შტატში განლაგებული ლოურენსის სახელობის ლივერმორის სახელმწიფო ლაბორატორიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ იქ მდებარეობს კომპლექსი, რომელიც თერმობირთვულ იარაღებში მიმდინარე სინთეზური რეაქციების შესასწავლად შეიქმნა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, დაწესებულებაში მოღვაწე ფიზიკოსები ამ საკითხს აფეთქების პროვოცირების გარეშე იკვლევენ.
2012 წლამდე იქ სინთეზური ანთების ყოველი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რის გამოც სპეციალისტებმა მოწყობილობების გაუმჯობესება დაიწყეს. მათი განცხადებით, უკანასკნელი რეკორდი ზუსტად ლაზერულ სისტემაში განხორციელებული ამ ცვლილებების დამსახურებაა.
ამგვარ რეაქციებზე დაკვირვება დაგვეხმარება გავიგოთ, რა პროცესები მიმდინარეობს თერმობირთვული იარაღების აფეთქებისას. შედეგად, საშუალება გვექნება, თავიდან ავიცილოთ ყველანაირი გაუთვალისწინებელი ზიანი, რომელიც, შესაძლოა, მსგავს ფეთქებას მოჰყვეს. მეცნიერთა თქმით, ექსპერიმენტების დროს მოპოვებული მონაცემები დასკვნების გამოსატანად ბევრად გამოსადეგია, ვიდრე კომპიუტერული სიმულაციები.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლაზერული თერმობირთვული რეაქციების სახელმწიფო კომპლექსში მომუშავე ფიზოკოსები მიმდინარე წლის აგვისტოში დამყარებული რეკორდის გამეორებას ოქტომბერში გეგმავენ. ისინი იმედოვნებენ, რომ ამას ამჯერადაც წარმატებით შეძლებენ.
კომენტარები