არა, H&M 74 წლის იუბილეზე არაფერს გჩუქნით — ახალი ფიშინგ შეტევა
სოციალურ ქსელში ახალი ფიშინგ ბმული ვრცელდება, რომელიც საჩუქრის მიღებას გვპირდება. კერძოდ, საიტი H&M-ის 74 წლის იუბილის აღსანიშნავად, გამოკითხვაში მონაწილეობასა და საჩუქრის მიღებას გვთავაზობს. აღნიშნულ საიტს კავშირი არ აქვს H&M-თან. ეს ჰაკერების მიერ შექმნილი გვერდია, რომლის ინსტრუქციასაც თუ მიჰყვებით, კიბერთაღლითობის მსხვერპლად იქცევით. ბმულზე გადასვლისა და შემდეგ, ინსტრუქციების შესრულების გზით, თქვენ კიბერთაღლითებისთვის ხელმისაწვდომს ხდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, საბოლოოდ კი, თუ შესაბამის ველებში ბარათის მონაცემებს შეიყვანთ, შეიძლება გაგქურდონ კიდევაც.
ამ ეტაპზე, ფიშინგ ვებგვერდს მომხმარებლები ერთმანეთს Facebook Messenger-ში უგზავნიან. აღნიშნულ ფაქტს საქართველოს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ფეისბუქ გვერდიც ეხმაურება და სიფრთხილისკენ მოგვიწოდებს.
"ამას ეწოდება Phishing და გამოიყენება ჰაკერების მიერ მომხმარებლის შეცდომაში შესაყვანად. ასეთი ტიპის საიტები მაქსიმალურად აკოპირებენ ორიგინალი საიტის დიზაინს, რათა მომხმარებელს ეგონოს, რომ იმყოფება რეალურ საიტზე. ამგვარად, ბოროტმოქმედს შეუძლია პოტენციურ მსხვერპლს "ყალბი" საიტის მეშვეობით დაატოვებინოს სხვადასხვა ტიპის სენსიტიური ინფორმაცია, მაგალითად ბარათის მონაცემები ან ელ-ფოსტის პაროლი და სხვა", — ამბობს NEXT.On.ge-სთან გიორგი იაშვილი, საქართველოს სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ტექნიკური დირექტორი.
კომენტარები