მომხმარებლები ინსტაგრამს დაბადების თარიღის მითითების გარეშე ვეღარ გამოიყენებენ
ორშაბათს ფეისბუქის კუთვნილმა სოციალურმა პლატფორმამ განაცხადა, რომ მომავალში მომხმარებლებს კომპანიისათვის საკუთარი დაბადების თარიღის განდობა დასჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერვისით ვერ ისარგებლებენ.
"შეტყობინებით ბევრჯერ გაგაფრთხილებთ და თუ დაბადების მონაცემები გარკვეულ ვადამდე მაინც არ გექნებათ შეყვანილი, ინსტაგრამით სარგებლობის გასაგრძელებლად მისი მითითება მოგიწევთ", — ნათქვამია პრესრელიზში.
ამასთანავე, ინსტაგრამის უწყებით, იმ ადამიანების გამოჭერაც იგეგმება, ვინც ყალბ დაბადების თარიღს უთითებს.
"ვხვდებით, რომ ზოგმა შესაძლოა მცდარი თარიღი მოგვაწოდოს, ამიტომაც ამის აღმოსაფხვრელად ახალი სისტემა იქმნება", — გვაფრთხილებს კომპანია — "როგორც ახლახან განვაცხადეთ, ხელოვნურ ინტელექტს ვიყენებთ ადამიანების ასაკის განსასაზღვრად, დაბადების დღის მისალოც და მსგავსი ტიპის პოსტებზე დაყრდნობით".
ინსტაგრამი ირწმუნება, რომ მონაცემების მოთხოვნა მომხმარებელთა საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და ზრდასრულებს 18 წელს მიუღწეველ პირებთან შეტყობინების გაგზავნასაც გაურთულებს, რითაც მარტში დაწყებულ კამპანიას ეხმიანება.
"ინფორმაცია საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდებისათვის უსაფრთხოების ახალი ზომები მივიღოთ და იმაშიც დავრწმუნდებით, რომ მომხმარებელს ასაკობრივი ჯგუფის შესაბამის გამოცდილებას ვთავაზობთ", — ხსნის კომპანია — "მაგალითად, მომხმარებელთა დაბადების თარიღის ცოდნით შეგვიძლია უფრო მეტ ადამიანს მოვარგოთ ცვლილებები, რომლებიც რეკლამის განმთავსებელ პირს 18 წლამდე ასაკის მომხმარებელთათვის სამოქმედო ვარიანტებს უზღუდავს, რომლითაც რეკლამამ სამიზნემდე უნდა მიაღწიოს".
მიუხედავად ამისა, ინსტაგრამი გვიტყდება, რომ ახალი პოლიტიკის საშუალებით თავადაც იღებს სარგებელს და ამბობს, რომ მომხმარებლის ასაკის ცოდნა მათ შესაფერისი რეკლამების შეთავაზებაში დაეხმარება.
პლატფორმის დახმარების ცენტრი იმასაც აზუსტებს, რომ დაბადების თარიღის გამჟღავნების შემდეგ მას კომპანიას უკან ვეღარ გამოვტაცებთ:
"აღსანიშნავია, რომ როდესაც პროფილზე დაბადების თარიღს დაამატებთ, მისი მოშორება შეუძლებელი იქნება".
დაბოლოს, თუ იმედი გაქვთ, რომ წამოწყება მეგობრების დაბადების დღეების დამახსოვრებაში დაგეხმარებათ, იმედი უნდა გაგიცრუოთ: მომხმარებლის დაბადების თარიღი სხვა ადამიანებისათვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
კომენტარები