წარმოიდგინეთ რომ ვერ გრძნობდეთ ხელის ჩაკიდებას, ან არ შეგეძლოთ ღილების აღქმა, როდესაც პერანგის შეკვრას ცდილობთ.

მილიონობით ადამიანს უწევს ცხოვრება პარალიზითა და პერიფერიული ნეუროპათიით, რაც გულისხმობს იმას, რომ სხეულში ნერვული დაბოლოებები დაზიანებულია და მათ არ შეუძლიათ შეხებათა შეგრძნება ხელებსა თუ სხვა კიდურებზე.

თუმცა, ეს ყველაფერი შესაძლოა სულ მალე შეიცვალოს.

ფეინშტეინის უნივერსიტეტის სამედიცინო მკვლევართა ჯგუფმა შეძლო ისეთი ტვინის იმპლანტს შემუშავება, რომელიც ადამიანებს ხელებში შეგრძნებებს უბრუნებს. ადამიანზე ჩატარებული პირველი ცდით, პოტენციურად შესაძლებელი ხდება მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა.

კვლევა ჟურნალ Brain Stimulation-ში გამოქვეყნდა

მკვლევრებს შეგრძნებების აღდგენა აქამდეც მოუხერხებიათ სხვა მეთოდებით, თუმცა ახალი კვლევა წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან მეცნიერებმა შეძლეს ტვინის შედარებით მიუღწევად ადგილებამდე მისვლა, რამაც თითებში მგრძნობელობის აღდგენა შესაძლებელი გახადა.

ეს გარღვევა გვაძლევს მეტ შესაძლებლობას ვიმუშაოთ მსგავსი დაზიანებების მქონე ადამიანებთან — ამბობს კვლევის თანაავტორი, ჩად ბოუტონი, ბიოელექტრონული მედიცინის პროფესორი.

სისტემა შემდეგი პრინციპით მუშაობს — ნეიროქირურგმა ჩაატარა მინიმალური ინვაზიური პროცედურა, რაც ელექტროენცეფალოგრაფული ელექტროდის ტვინში იმპლანტაციას გულისხმობს. პროცედურა ორ პაციენტზე ჩატარდა და ორივე მათგანმა ოპერაციის დასრულების შემდეგ ხელებში, კიდურების ბოლო ნაწილში შეგრძნებების დაბრუნება იგრძნეს.

ასეთ ტექნოლოგიებზე დღეს უკვე მრავალი კერძო დაწესებულება მუშაობს, მათ შორის ილონ მასკის Neuralink-იც, რომლის მთავარი მიზანიც სწორედ სხვადასხვა პარალიზის მქონე ადამიანებისათვის ცხოვრების გამარტივება და შეგრძნებების დაბრუნებაა.