Google Chrome ანდროიდზე ინკოგნიტო ტაბების ანაბეჭდით დაცვის საშუალებას მოგვცემს
ინკოგნიტო რეჟიმი საკმაოდ გამოსადეგი რამაა და მას ძალიან ბევრი ადამიანი იყენებს. Google Chrome ანდროიდზე სულ მალე ახალ განახლებას მიიღებს, სადაც ინკოგნიტო რეჟიმი კიდევ უფრო დაცული გახდება და საშუალება გვექნება, რომ ის თითის ანაბეჭდის სენსორით გავხსნათ.
როგორც ჩანს, Google ახალ ფუნქციაზე მუშაობს, რაც საშუალებას მოგვცემს დავიცვათ ინკოგნიტო ტაბები პაროლით ან ბიომეტრიული სენსორით. ეს სიახლე სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ასეთივე განახლება Google Chrome-მა iOS-ზე უკვე მიიღო და ინკოგნიტო ტაბების დაცვა ამ შემთხვევაში პაროლით ან Face ID-ით შეიძლება.
ჯერ უცნობია თუ როდის გახდება ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი ფართო მასებისთვის. ის Chrome Canary-ში (ქრომის დეველოპერებისთვის განკუთვნილი ვერსია) უკვე გამოჩნდა, თუმცა გამართულად არც აქ მუშაობს. Flags-ში ამ ფუნქციის გააქტიურებისას ქრომი გვეუბნება, რომ ის სეთინგსებში, Privacy and Security სექციაში უნდა გამოჩნდეს, თუმცა ეს ჯერ ასე არ ხდება.
კომენტარები