ფასდაკლებები აცრილთათვის — ახალი პლატფორმა სხვადასხვა ბრენდის შეთავაზებას აერთიანებს
მსოფლიოში არსებული მდგომარეობა გვიჩვენებს, COVID-19-თან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი გზა ვაქცინაციაა. თუმცა, სამწუხაროდ, მსოფლიოშიც და ქართულ საზოგადოებაშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან და ამით მსოფლიო კეთილდღეობას უქმნიან საფრთხეს.
საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბიზნესის ჩართულობა ვაქცინაციის წახალისების პროცესში მოსახლეობაზე დადებითად მოქმედებს. სწორედ ამიტომ, მარკეტინგული სააგენტო echolize-ის გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა პლატფორმა, სადაც თავს მოუყრიდნენ ყველა შეთავაზებას აცრილი მოქალაქეებისთვის და ამით თავიანთ წვლილს შეიტანდნენ ვაქცინაციის დაჩქარების საქმეში.
ინფლუენსური მარკეტინგული სააგენტო echolize ქართულ ბაზარზე უკვე 4 წელია რაც ოპერირებს და წამყვან კომპანიებს ემსახურება. გუნდს უკვე დიდი გამოცდილება აქვს და ფიქრობენ, რომ პლატფორმა atsrili.ge-ის დახმარებით ვაქცინაციის პროცესში დიდ წვლილს შეიტანენ. რაც შეეხება სოციალურ კამპანიებს, ამის მსგავსი გამოცდილება მათ გასულ წელსაც ჰქონდათ.
"გასული წლის ლოქდაუნის პერიოდში საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით შევქმენით პროექტი 'არ გაჩერდე', რომლის ფარგლებშიც მომზადდა ბიზნესების მხარდასაჭერი პლატფორმა. იგი კომპანიებს შეთავაზებებისა და ფასდაკლებების განთავსების საშუალებას აძლევდა, რომლით სარგებლობაც მომხმარებლებს იქამდე შეეძლოთ, სანამ ეს ობიექტები ისევ ჩვეულ რეჟიმში შეძლებდნენ მუშაობის გაგრძელებას", — გვიყვება echolize-ის მარკეტინგის მენეჯერი, ლიკა სადრაძე.
რაც შეეხება atsrili.ge-ის, აქ შეთავაზების განთავსება ნებისმიერ ბრენდს შეუძლია, რომელსაც უნდა, პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს და ამით დაეხმაროს ქვეყანას. შემდეგ ეტაპზე კი, შეთავაზების გავრცელებაზე უკვე echolize-ის გუნდი ზრუნავს.
"იქიდან გამომდინარე, რომ ეს სოციალური პროექტია, ვთვლით, რომ ბრენდის სარგებელი ლოიალური კლიენტების შეძენა და მათ მიმართ საზოგადოებაში დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაა", — ამბობს ლიკა.
პლატფორმის მთავარ აუდიტორიას, რა თქმა უნდა, ის მოქალაქეები წარმოადგენენ, რომლებიც უკვე ორჯერ აიცრნენ და ისინიც, რომლებსაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, უნდა მიიღონ თუ არა ვაქცინა. მეორე მხრივ, გუნდის სამიზნე სეგმენტს წარმოადგენენ ბრენდები, რომლებიც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ხასიათდებიან და ვაქცინაციის წახალისების პროცესში ერთვებიან. atsrili.ge-ის დახმარებით უკვე არაერთ კომპანიას მიეცა მომხმარებლებისთვის ფასდაკლებების შეთავაზების მოტივაცია.
"გვინდა მომავალში პლატფორმას რაც შეიძლება მეტი კომპანია დაემატოს, რომლებიც აცრილ მოქალაქეებს მეტ კომფორტს შესთავაზებენ და ყველანი ერთიანი ძალისხმევით ვეცდებით ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდას", — აღნიშნავს ლიკა.
დღევანდელი მონაცემებით, პლატფორმაზე 150-მდე კომპანიის შეთავაზებაა განთავსებული, რაც იმის ნათელ მაგალითს წარმოადგენს, რომ უამრავი სოციალურად პასუხისმგებელი კომპანია იჩენს ინიციატივას, პანდემიასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის იმედს, რომ ახლო მომავალში აუცრელი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, რომელსაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია აიცრას, ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში და ერთიანი ძალებით უფრო ეფექტიანად შევძლებთ ვირუსთან გამკლავებას.
კომენტარები