რამდენიმე თვეა აქსელერაციის პროგრამა 500Georgia-ს გამარჯვებულებზე გიყვებით, დღეს კი 4 გამარჯვებული სტარტაპი უკვე სილიკონ ველიზეა და პოტენციურ ინვესტორებს ხვდება. Cardeal-მა და Cargon-მა სილიკონ ველის საგზური გასული წლის ოქტომბერში მოიპოვეს, მათ მარტში კიდევ ორი გამარჯვებული — Payze და Agrolabs შეუერთდა.

ეს ძალიან დიდი ნაბიჯია ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისთვის. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით კონკურენტუნარიანი პროდუქტების შექმნაა შესაძლებელი, მეორე მხრივ კი, აღნიშნული მოვლენა დიდი ბიძგია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სტარტაპ იდეები ებადებათ და ზუსტად არ იციან, რა გზას დაადგნენ.

თანამედროვე სამყაროში სტარტაპები ძალიან მომრავლდნენ. მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 472 მილიონი ანტრეპრენერია, სტატისტიკურად კი ყოველწლიურად 305 მილიონი ახალი სტარტაპი იქმნება. რაღა თქმა უნდა, უმეტესობა მათგანი განვითარების ადრეულ ეტაპზევე წყვეტს არსებობას. ამას ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს — ცუდი იდეა, არასწორი ბიზნესგეგმა ან სულაც, არასაკმარისი ცოდნა სტარტაპების სამყაროს შესახებ.

ამ სტატიაში კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომლებიც თქვენ და თქვენს სტარტაპს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

რა წავიკითხოთ?

პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს სტარტაპი — ამისათვის ინტერნეტში უამრავი რესურსი მოიპოვება, თუმცა არსებობს წიგნები, რომლებიც საქმეს გაგიმარტივებთ. ერთ-ერთი ასეთი წიგნია Jean Paul Paulynice-ის From Idea to Reality: An Entrepreneur’s Guide to Meaningful Business. ამ წიგნში თქვენ ნახავთ კონკრეტულ გზებს, თუ როგორ უნდა აამუშაოთ და გაზარდოთ ბიზნესი.

ხანდახან უბრალოდ მოტივაცია გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენს თავში ანტრეპრენერი გავაცოცხლოთ. საკუთარ თავში ასეთი ნიჭის გასაღვიძებლად კი კენ კოლველის წიგნი — Starting a Business QuickStart Guide გამოგადგებათ.

ასევე, ერთ-ერთი კარგი წიგნია How to Raise a Founder With Heart: A Guide for Parents to Develop Your Child’s Problem-Solving Abilities. შესაძლოა თქვენ მშობელი საერთოდ არ იყოთ, მაგრამ ეს წიგნი ყველასთვისაა დაწერილი. რაღა თქმა უნდა, ის იმაზეა, თუ როგორ უნდა აღვზარდოთ პრაგმატულად მოაზროვნე პროფესიონალები, მაგრამ უმრავლესობა ჩვენგანს ასეთი ცხოვრებისეული ცოდნა მოზარდობის ასაკში არ მიგვიღია, სწორედ ამიტომ, არც ახლაა გვიანი მისი წაკითხვა.

კენ კოლველის წიგნი სამოტივაციოდ და ინსპირაციის საპოვნელად იდეალური ვარიანტია, ის დაგეხმარებათ იმ რთული პირველი თვეების გადატანაში, რომელიც სტარტაპზე ფიქრსა და მის წამოწყებას ახლავს თან. ამასთანავე, კოლველის წიგნის შეძენასთან ერთად, ავტორი მყიდველებს დამატებით რესურსებსაც სთავაზობს.

გარდა ამისა, თუ სტარტაპის დაწყება გინდათ, გირჩევთ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული გამოცემების აქტიურ მკითხველად იქცეთ. ეს დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ ბაზრის მდგომარეობა, ასევე, ის ტენდენციები, რაც მიმდინარე მომენტში სფეროში არსებობს და რაც მთავარია, შთაგონებისთვისაც გამოგადგებათ. ერთ-ერთი ასეთი გამოცემა ჩვენც ვართ. NEXT.On.ge-ზე ბევრი სტარტაპისა თუ ტექნოლოგიური პროდუქტის შესახებ იპოვი ინფორმაციას.

დაფინანსების ძიება და ღონისძიებები

ფოტო: Dribbble

მას შემდეგ, რაც სტარტაპებისა და ანტრეპრენერობის შესახებ გარკვეულ ცოდნას დააგროვებ, განვითარების სხვა ეტაპზე უნდა გადახვიდე.

პირველ რიგში, ინვესტორები უნდა იპოვო. ზოგადად, სტარტაპებს ფინანსების მოსაზიდად მრავალი გზის გამოყენება შეუძლიათ. პირველი ონლაინ დონაციების მოსაპოვებელი საიტებია. გასულ 5 წელში უამრავი ასეთი პლატფორმა შეიქმნა და ისინი დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ.

დონაციების მოსაზიდად Kickstarter-ის ან Indiegogo-ს გამოყენება შეგიძლიათ. ხოლო დაფინანსებისა და შედარებით მსხვილი ინვესტორების მოსაძებნად რამდენიმე საიტის გამოყენება შეგიძლიათ — AngelList, Seedinvest, StartEngine, CircleUp, Wefunder.

მიუხედავად იმისა, შეძლებთ თუ არა ამ საიტების მეშვეობით კაპიტალის მოზიდვას, ეს მაინც წაგადგებათ ცნობადობის ასამაღლებლად. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება თქვენი სტარტაპის შესახებ, თქვენი წარმატებულობის შანსიც გაიზრდება. თქვენ უნდა ეცადოთ, რომ სწორმა ინვესტორებმა შეგამჩნიონ. ამისათვის ერთ-ერთი კარგი გზა დიდ, თემატურ ღონისძიებებზე დასწრებაა. ასეთი ღონისძიებები მრავლად ტარდება და ასეთი ღონისძიებებია:

თუ თქვენი კომპანია განვითარების ადრეულ სტადიაზეა, ასეთ ღონისძიებებზე დასწრება ძალიან წაგადგებათ. ღონისძიებები კარგი ადგილია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, თანამოაზრეებისა და ვინ იცის, იქნებ ინვესტორების საპოვნელადაც.

ასევე, არ უნდა დავივიწყოთ სოციალური მედია. ფეისბუქის, ტვიტერისა და თუ სხვა სოციალური ქსელების ათვისება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

აქსელერატორები

სტარტაპების სამყაროში პოპულარობით სარგებლობენ აქსელერატორები, რომლებიც თქვენი ბიზნეს იდეის რეალისტურ ბიზნესგეგმად ქცევაში გეხმარებიან და არამხოლოდ, დაფინანსების პოვნაშიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.

ერთ-ერთი ასეთი ყველაზე ცნობილი აქსელერატორი 500Startups გახლავთ, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საქართველოშიც ოპერირებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, 500 Georgia-ს 4 გამარჯვებული სილიკონ ველიზე უკვე გაემგზავრა. ეს დიდი შანსია დიდ ინვესტორებთან შესახვედრად და მსოფლიო დონის პროდუქტების შექმნის წინაპირობადაც კი შეგვიძლია მოვიაზროთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქსელერაციის პროგრამებში ჩართვა არ დაგვავიწყდეს.

სტარტაპის წარდგენა

თუ ინვესტორს იპოვით, აუცილებელია გესმოდეთ, თუ რა სურს მას.

სტარტაპის წარდგენა, ანუ სტარტაპების ენაზე "pitch", წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად ინოვაციური, კარგად გათვლილი ან პოტენციურად მომგებიანია შენი იდეა, შენ მისი გადმოცემა საინტერესოდ უნდა შეძლო, რადგან თუ ინვესტორების მოზიდვას ვერ შეძლებ, შენი ბიზნესი დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. რაღა თქმა უნდა, კაპიტალის მოძიებაც არ არის მარტივი და ბევრ სტარტაპს უჭირს საწყისი ინვესტიციების მოზიდვა. პოტენციური ინვესტორები მხოლოდ იდეითა და კარგი სიტყვებით არ მოიხიბლებიან, თქვენ უნდა შეძლოთ მათი დარწმუნება იმაში, რომ ინვესტიცია უკან მოგების სახით აუცილებლად დაუბრუნდებათ.

პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ინვესტორებს დიდი არჩევანი აქვთ. სტარტაპების აქტივობა დღითიდღე იზრდება და ინვესტორები ყოველდღიურად უამრავ ახალ შეთავაზებას იღებენ. თქვენ კონკურენციას ძალიან ბევრი კომპანია თუ ადამიანი გიწევთ, ამიტომ ინვესტორს სწრაფად და მარტივად უნდა აუხსნათ თქვენი ბიზნეს იდეა და გეგმა.

დაიწყეთ თქვენი ბიზნეს იდეის მოკლე განმარტებით, რომელიც მალევე გადმოსცემს თქვენს ხედვებსა და მიზნებს. განუმარტეთ პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც ცდილობს თქვენი სტარტაპი და აუხსენით გადაწყვეტის გზებიც. აღუწერეთ, თუ როგორ აპირებს თქვენი ბიზნესი მოგებაზე გასვლას. გახსოვდეთ, საუბრის დროს დეტალებზე დიდხანს ნუ გაჩერდებით, ამან შესაძლოა თქვენი მთავარი თემიდან გადაგახვევინოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენი pitch-ის სიგრძეს, ინვესტორებს გრძელი პრეზენტაციები დიდად არ უყვართ.

მოყევით თქვენი სტარტაპის ისტორია. რიცხვები და ფაქტები ნამდვილად კარგია, მაგრამ ინვესტორებს ეს მალე მობეზრდებათ. ისტორიის მოყოლა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ თქვენი სტარტაპი ადამიანებს დაამახსოვრდეთ.

იყავით ფოკუსირებული, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ძირითადი სასაუბრო თემიდან დიდხანს არ უნდა გადაუხვიოთ. ინვესტორებისთვის დრო საკმაოდ ღირებული რამაა.

პრეზენტაციის დროს აუცილებლად ახსენით თუ რატომ არის თქვენი სტარტაპი ღირებული. ის, რომ თქვენ გარკვეულ პრობლემას ჭრით, საკმარისი არაა, ინვესტორი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი მიდგომები უნიკალურია და ბაზარზე ასეთი რამ ჯერ არ არის.

ერთ-ერთი გზა იმისათვის, რომ ინვესტორები დაარწმუნოთ, პროდუქტის რეალური წარდგენაა. თუ ისინი თქვენს პროდუქტს პირადად ნახავენ და მისი გატესტვის საშუალებაც ექნებათ, ეს თქვენს შანსებს გაზრდის.

ასევე, მუდამ გახსოვდეთ ვინ არის თქვენი სამიზნე აუდიტორია. გარდა იმისა, რომ ინვესტორებს აინტერესებთ თქვენი პროდუქტი, მათ ასევე სურთ იცოდნენ, ვინ მოიხმარს ამ პროდუქტს. თქვენი სამიზნე აუდიტორიის აღწერით ინვესტორს ექმნება სურათი, თუ რამდენად მოთხოვნადი იქნება ეს თუ ის პროდუქტი.

რომ შევაჯამოთ, pitch, ანუ პრეზენტაცია, თქვენი სტარტაპისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ის კარგად და დაკვირვებით უნდა მოამზადოთ. მუდამ გახსოვდეთ, რომ ის მაქსიმუმ 15-20 სლაიდისგან უნდა შედგებოდეს და თითო სლაიდზე 3 წუთზე მეტს ნუ შეჩერდებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ არ დაგავიწყდეთ, pitch თქვენს პრეზენტაციაზე მხოლოდ დამხმარედ უნდა გამოიყენოთ. მოერიდეთ ტექსტით დატვირთულ სლაიდებს, რომლებმაც შეიძლება თქვენი მსმენელის ყურადღება გაფანტოს.