ასტრონომებმა შავი ხვრელის უკნიდან მომავალი სინათლე დააფიქსირეს — რას ნიშნავს ეს
მეცნიერებმა რენტგენის სხივების კაშკაშა ნათებათა სერია შენიშნეს, რომელიც სუპერმასიური შავი ხვრელის უკნიდან მოდიოდა, რაც მათთვის დიდ მოულოდნელობას წარმოადენს.
"ნებისმიერი სინათლე, რომელიც შავ ხვრელში შედის, უკან აღარ გამოდის, ამიტომაც მის უკან ვერაფერს უნდა ვხედავდეთ", — თქვა სტენფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა დენ უილკინსმა, ახალი კვლევის ხელმძღვანელმა ავტორმა, რომელიც დღეს Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
აღმოჩენა შესაძლებელი შავ ხვრელთა უჩვეულო მახასიათებელმა გახადა.
"სხივების დანახვა იმიტომ შეგვიძლია, რომ შავი ხვრელი სივრცეს ფორმას უცვლის, ღუნავს სინათლესა და გრეხს მაგნიტურ ველებს მის გარშემო", — ამბობს უილკინსი.
აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია ამას ყოველთვის წინასწარმეტყველებდა, მაგრამ შავი ხვრელის გარშემო სინათლის მოხრა არასოდეს დამოწმებულა აქამდე, რაც ტექნოლოგიათა ბოლოდროინდელი დახვეწის გამოვლინებაა, რომელმაც ეს უპრეცედენტო კოსმოსური სანახაობა გვიჩვენა.
ეს ასტრონომიის ისტორიაში ძალიან ამაღელვებელი მოვლენაა.
"50 წლის წინ, როდესაც ასტროფიზიკოსებმა ვარაუდების გამოთქმა დაიწყეს, თუ როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო მაგნიტური ველი შავ ხვრელთან ახლოს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ერთ დღესაც ამას პირდაპირ დავაკვირდებოდით შესაბამისი ტექნიკით და აინშტაინის ფარდობითობის ზოგად თეორიასაც მოქმედებაში მოყვანილს ვიხილავდით", — თქვა როჯერ ბლანფორდმა, სტენფორდის ფიზიკის პროფესორმა და თანაავტორმა.
გუნდი გვირგვინებს, სუპერ ცხელი აირის მბრუნავ ჰალოებს სწავლობდა, რომლებიც გარკვეულ შავ ხვრელებს ერტყმის გარს. როდესაც ეს აირები შავი ხვრელის მაგნიტურ ველში ხვდება, რენტგენს სხივებს წარმოქმნის, რომელთა დაკვირვებაც დედამიწიდან შეგვიძლია.
ბოლომდე ჯერაც არ გაგვირკვევია ჩვენს სამყაროში შავი ხვრელების გარშემო მბრუნავი გვირგვინების შესახებ, მაგრამ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ფართო ველის გამომსახველმა დეტექტორმა, რომელსაც მალე გამოუშვებენ, შესაძლოა მომავალში შავ ხვრელებზე უფრო მაღალი რეზოლუციით დაკვირვების საშუალება მოგვცეს.
კომენტარები