Apple-მა სულ ახლახან iPhone 12-ებისთვის MagSafe Batter Pack გამოუშვა. მაგნიტური ელემენტის ფასი 99 დოლარი იქნება და მისი გამოწერა Apple-ის საიტიდან უკვე შესაძლებელია. თუ ამერიკაში ცხოვრობთ, მაშინ მას 22-დან 26 ივლისის ჩათვლით მიიღებთ.

Apple-ს ელემენტიანი ქეისები აიფონებისთვის აქამდეც გამოუშვია, თუმცა ახალი ვერსია სმარტფონს მაგნიტით ემაგრება და ის iPhone 12-ების ხაზის ოთხივე წარმომადგენელთან — iPhone 12-თან, 12 Mini-სთან, 12 Pro-სთან და iPhone 12 Pro Max-თანაა თავსებადი.

iPhone 11-ების ელემენტიან ქეისებს კამერისთვის განკუთვნილი, დამატებითი ფიზიკური ღილაკიც ქონდა. რადგან ახალი Battery Pack სმარტფონებს მაგნიტით მიემაგრება, დამატებით ღილაკსაც ვეღარ მივიღებთ. ახალი MagSafe Battery Pack ისევე მუშაობს, როგორც MagSafe უსადენო დამტენი და მისი გამოყენებით AirPods-ების ან სხვა ნებისმიერი მოწყობილობის დატენვასაც შევძლებთ, რომელსაც Qi უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა აქვს.

Apple-ის თქმით, Battery Pack სმარტფონს 5W-ით დატენის, რაც სწრაფი ნამდვილად არ არის. ასევე, პროდუქტის აღწერილობაში ვკითხულობთ, რომ ელემენტს ასამუშავებლად iOS 14.7 დასჭირდება, რომელიც ჯერ გამოსული არ არის. თუმცა, რადგან Apple-ის საიტის თქმით, Battery Pack-ების მიწოდება 22-დან 26-მდე მოხდება, განახლებასაც ამ პერიოდშივე უნდა ველოდოთ.