ნაპოვნია 3000 წლის ჩონჩხი 790 დაზიანებით — ადამიანზე ზვიგენის თავდასხმის უძველესი მტკიცებულება
იაპონიაში 3000 წლის წინ, ზვიგენის თავდასხმის შედეგად დაღუპული კაცის სამარხი იპოვეს. ძვლების ანალიზმა აჩვენა, რომ ადამიანს 790 დაზიანება ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ღრმა ჭრილობები და მოტეხილობები. მისი სხეულის ზოგი ნაწილი კი სამარხში საერთოდ არ იყო. ანალიზმა აჩვენა ზვიგენის მიერ მიყენებული ჭრილობების მახასიათებლებისა და 3000 წლის ჩონჩხის ჭრილობების თანხვედრა და ეს ადამიანზე ზვიგენის თავდასხმის მსოფლიოში უძველესი მტკიცებულებაა. ეს აქამდე აღმოჩენილთან შედარებით 1000 წლით ძველი მტკიცებულებაა.
"ეს აღმოჩენა არამხოლოდ გვაძლევს ახალ პერსპექტივას უძველესი იაპონიის შესახებ, არამედ ასევე არის იშვიათი მაგალითი არქეოლოგებისთვის, რომელთაც შეძლეს პრეისტორიული საზოგადოებისთვის დრამატული ეპიზოდის რეკონსტრუქცია", — აღნიშნავს მოხსენებაში კვლევის თანაავტორი — მარკ ჰუდსონი, რომელიც მაქს პლანკის ინსტიტუტის არქეოლოგია.
ჩონჩხის დაზიანებები იმდენგვარია, რომ ის ვერ გადაურჩებოდა თავდასხმას. სავარაუდოდ, მას შოკი ჰქონდა და სისხლისგან დაიცალა. დიდი შანსია, რომ ის ცოცხალი იყო ზვიგენის თავდასხმისას, ამაზე მის სხეულზე დაზიანებების გადანაწილება მიანიშნებს. ტრავმები ასევე მიანიშნებს, რომ "მსხვერპლი, სიკვდილის შემდეგ, ზღვაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო, ზვიგენი კი მისით იკვებებოდა".
იაპონიის აღმოსავლეთით, ცუკუმოს მხარეში არქეოლოგიური სამშაოები 1915 წელს დაიწყო. მას შემდეგ აქ 170 ადამიანის სამარხია აღმოჩენილი. თუმცა, მათგან მხოლოდ ერთს — Tsukumo No. 24-ს აქვს მსგავსი სერიოზული დაზიანებები. ნაპოვნი ჩონჩხი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით 1370-დან 1010 წლამდე პერიოდშია დაღუპული, აჩვენებს ფეხების, ხელებისა და მხრების მნიშვნელოვან დაზიანებებს. მას არ აქვს მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი. მისი მარცხენა ფეხი კი განცალკევებულ მდგომარეობაში იყო დამარხული.
კვლევის ავტორებმა Tsukumo No. 24-ს რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია გადაუღეს. სწორედ ამ გზით მოხდა მისი 3D მოდელის აწყობა და დაზიანებების რუკის შედგენა.
რა ტიპის ზვიგენი დაესხა თავს Tsukumo No. 24-ს? ვეფხვისებრი ზვიგენი (Galeocerdo cuvier) და დიდი თეთრი ზვიგენი (Carcharodon carcharias) მთავარი კანდიდატები არიან, რადგან ისინი გავრცელებული სახეობები არიან ამ მიდამოებში.
კომენტარები