მასიური კონტეინერთმზიდი, Ever Given სუეცის არხში თითქმის ერთი კვირაა რაც გაიჭედა და ინტერნეტის ყურადღებაც მიიპყრო. ამასთანავე, კოლოსალური ზიანი მიადგა გლობალურ ვაჭრობასა და მთავრობებს. შეგახსენებთ, რომ სუეცის არხზე გლობალური ვაჭრობის 12% მოდის.

გემი იმდენად ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთმა მოთამაშემ Microsoft Flight Simulator-ის დამატება (mod) შექმნა, სადაც სუეცის არხზე გადაფრენისას გაჭედილ კონტეინერმზიდს კარგად დაინახავთ.

ტვიტერის მომხმარებელმა Mat Velloso-მ ვიდეო ტიკტოკიდან გააზიარა, სადაც ჩანს რომ თამაშში პილოტი სუეცის არხის თავზე მიფრინავს, იქ კი გემია გაჭედილი.

სცენა განსაცვიფრებლად რეალისტური ჩანს, რაც დამატების ხარისხსა და თვითონ თამაშის გრაფიკულ შესაძლებლობებს უსვამს ხაზს.

Microsoft Flight Simulator 2020 წლის აგვისტოში გამოვიდა და ის გრაფიკულად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თამაშია.