500 Georgia-ს ფინალისტი Agrolabs და მისი ტექნიკური გადაწყვეტა ფერმერებისთვის
იცოდით, რომ სათბურებში მოსავლის მოცულობაზე ძალიან დიდი გავლენა აქვს დამტვრიანებას? მიუხედავად იმისა, რომ სასათბურე მეურნეობა ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს ბევრი ჩვენგანი არ იცნობს კარგად. რასაც ვერ ვიტყვით მაიკლ ლაზარენკოსა და მაქს გორინოვზე, რომლებმაც დააარსეს კომპანია Agrolabs, ამ უკანასკნელის მიზანი კი სათბურების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდაა. სტარტაპი დღეს 500 Startups Georgia-ის მეორე ნაკადის ხუთ ფინალისტ გუნდს შორისაა და გამარჯვებისთვის იბრძვის.
როგორც მაიკლი გვიყვება, ერთ დღეს ის და თავისი სკოლის მეგობარი, მაქსი უბრალოდ ისხდნენ და საუბრობდნენ ყველა იმ პრობლემაზე და არაეფექტიან მიდგომაზე, რასაც იგი ფერმებში აწყდებოდა და სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს Agrolabs-ის შექმნა. მაგალითად, ასეთ პრობლემას წარმოადგენდა მონაცემების შეგროვების პროცესი და ის გამოსავალი, რაც იმ დროისთვის იყო ხელმისაწვდომი, ძალიან ძვირი ღირდა და გამოყენებისთვის შედარებით მოუხერხებელი იყო. ამიტომ ორივე მათგანმა გადაწყვიტა, ერთად მოეფიქრებინათ აღნიშნული პრობლემების საიმედო გადაწყვეტა და დაეარსებინათ Agrolabs.
გუნდს უკვე ჰქონდა გარკვეული გამოცდილება მსგავს საკითხებზე მუშაობის. აქამდე მაქსმა, დაახლოებით, ექვსი წლის წინ დააარსა კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სათბურებში მწერებთან გამკლავებაში ეხმარებოდა. კომპანია საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და მალე ბაზარზეც მოიპოვა ლიდერობა.
"მაქსი უკვე კარგად იცნობდა იმ პრობლემებს, რომლებსაც სათბურის მფლობელები აწყდებიან. გარდა ამისა, იგი პროფესიით რაკეტების ინჟინერია და ტექნიკური მხარეც კარგად ესმის. მე კი ლონდონსა და სან ფრანცისკოში ვმუშაობდი აპარატული უზრუნველყოფის სტარტაპებზე, აქედან გამომდინარე, ორივეს გვქონდა გარკვეული გამოცდილება როგორც სტარტაპებზე მუშაობის, ასევე პროდუქტის შექმნისა და განვითარების მიმართულებით", — გვიყვება მაიკლ ლაზარენკო.
"ჩვენ პროდუქტს რეალურ მოთხოვნაზე და იმ ინფორმაციაზე დაფუძნებით ვქმნით, რომელსაც მებაღეებისგან და ფერმერებისგან ვიღებთ. მაქსს უკვე ჰქონდა კონტაქტები, ამიტომ ჩვენთვის საკმაოდ ადვილი იყო პოტენციურ მომხმარებლებთან დაკავშირება და იმაზე საუბარი, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი".
მებაღეებთან დაკავშირების და მათი პრობლემების მოსმენის შემდეგ, Agrolabs-ს გუნდის წევრები ქმნიან ისეთ პროდუქტს, რომელიც სწორედ მათ პრობლემაზეა მორგებული. ისინი ქმნიან არა მხოლოდ რაიმე ერთი სახის პროდუქტს, არამედ ცდილობენ, ყველა საკითხს შესაბამისი გადაჭრის გზა მოუძებნონ. ამავდროულად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ შექმნან რაღაც ახალი და ინოვაციური.
ამის ერთ მაგალითს წარმოადგენს დამტვრიანების ეფექტიანობის გაზრდა. გუნდმა შექმნა სენსორი, რომელიც ფერმებში ბაზის სკების მოქმედებას აანალიზებს და ახდენს მის ავტომატიზაციას. ბაზარზე ეს პირველი მოწყობილობაა, რომელიც ამ გზით ჭრის ძალიან დიდ პრობლემას, რაც ფართო საზოგადოებისთვის არაა ცნობილი, თუმცა ყველამ ვიცით, რომ დამტვრიანება კარგი მოსავლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. შედარებისთვის, იმ დამტვრიანებულ და არადამტვრიანებულ მოსავლების მოცულობებს შორის სხვაობა 200%-ია.
დამტვრიანებას ფერმერთა უდიდესი ნაწილი მიმართავს, თუმცა არ არსებობს რეალური იარაღი იმისა, რომლის საშუალებითაც ისინი თვალს ადევნებენ ამ პროცესს და გაიგებენ, მუშაობს თუ არა ეს მეთოდი. ამიტომ, Agrolabs-მა შექმნა მოწყობილობა, რომელიც ფერმერებს მწერებზე თვალის დევნებასა და მოსავლის მოცულობის გაზრდაში დაეხმარება. ასევე, ეს ტექნოლოგია მომხმარებლებს საჭირო დროს სკების გაღება/დახურვის შესაძლებლობასაც აძლევს.
როგორც მაიკლი გვიყვება, სტარტაპი ამჟამად ზრდის ფაზაშია. მათ უკვე აქვთ გარკვეული შემოსავალი, ახლა კი წინასწარ შეკვეთებზე მუშაობენ.
"ვთანამშრომლობთ მსოფლიო დონის კომპანიებთან, რომლებიც ამრავლებენ ბაზს და დაინტერესებულნი არიან, ჩვენი პროდუქტის მეშვეობით დაეხმარონ თავიანთ მომხმარებლებს უკეთესი შედეგის მიღწევაში. 2021 წლის იანვრიდან აქტიურად დავიწყეთ მომხმარებლების ძებნა და წარმატებასაც მივაღწიეთ. აქამდე გავიარეთ რამდენიმე აქსელერაციის პროგრამა, რაც პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფის შექმნაში დაგვეხმარა. ამჟამად 500 Startups-ის ფინალში ვართ. ამ პროგრამის საშუალებით მოვედით ზრდის ფაზამდე როგორც გაყიდვების, ასევე მარკეტინგის კუთხით, რაც სტარტაპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".
კომპანიის სათავო ოფისი ლონდონშია, მათი განვითარების გუნდი კი უკრაინაში. როგორც მაიკლი გვიყვება, ეს მათ საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებაში ეხმარება.
ამ ყველაფერთან ერთად ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გუნდმა ეს საქმე საკუთარი დანაზოგებით წამოიწყო და ახლა დამატებით ცდილობენ დაფინანსებების მოზიდვას იმისთვის, რომ აქტიურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. გუნდი მიიჩნევს, რომ ინვესტიციის მოზიდვის კუთხით მათ 500 Startups-ის ფინალში ყოფნა მნიშვნელოვნად დაეხმარება.
კომენტარები