Apple Facebook-ის უდიდეს მეტოქედ იქცა და მას მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს — მარკ ცუკერბერგი
- მარკ ცუკერბერგი ამბობს, რომ Apple Facebook-ის ყველაზე დიდ მეტოქედ იქცა.
- მისი განცხადებით, Apple-ს თავისი მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ.
- მან Apple კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ კონკურენციის ჩახშობაშიც დაადანაშაულა.
Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, ამ კვირის ოთხშაბათს, Facebook-ის კვარტალურ ტელეკონფერენციაზე Apple-ს "დაესხა თავს".
მან ისაუბრა Facebook-ის შეტყობინებების აპლიკაციებზე და შეაქო მათი კონფიდენციალურობის პრაქტიკა. შემდეგ კი Apple-ის კრიტიკაზე გადავიდა და თქვა, რომ აღნიშნულ კომპანიას თავისი დაპირებით ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს — მათი შეტყობინებების სერვისი iMessage, იმაზე ბევრად ნაკლებად კონფიდენციალურია, ვიდრე Facebook-ის WhatsApp.
"ჩვენ ბევრი მოწინააღმდეგე გვყავს, რომლებიც კონფიდენციალურობის შესახებ პრეტენზიას აცხადებენ, რასაც ხშირად ხალხი შეცდომაში შეყავს", — ამბობს იგი.
"ამჟამად Apple-მა ე.წ. კონფიდენციალურობის ეტიკეტი გამოაქვეყნა, რომელიც უფრო მეტად იყო ორიენტირებული მეტამონაცემებზე, რომელსაც აპლიკაცია აგროვებს, ვიდრე ადამიანების შეტყობინებების უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, მაგრამ iMessage ნაგულისხმევად ინახავს თქვენი შეტყობინებების დაუშიფრავ სარეზერვო ასლებს, თუ iCloud-ს არ გამორთავთ".
ცუკერბერგმა ისიც დაამატა, რომ WhatsApp "აშკარად უკეთესია" და Apple-ის შეტყობინებების სერვისს "აშკარად ჯობია".
"მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ Apple ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი კონკურენტი ხდება. ამ კონკურენციაში კი მათი მთავარი იარაღი iMessages სერვისია", — დაამატა ცუკერბერგმა.
მან Apple კონკურენციის შემზღუდავ ქცევაშიც დაადანაშაულა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ Apple-ის ბიზნესი უფროდაუფრო მეტად ხდება დამოკიდებული ჩვენი და სხვა დეველოპერების წინააღმდეგ, აპლიკაციებისა და სერვისების წილის მოპოვებაზე. ამიტომ, მათ აქვთ მოტივები, რომ გამოიყენონ თავიანთი პლატფორმა ჩვენი და სხვა აპლიკაციების მუშაობაში ხელის შესაშლელად. ამას ისინი უპირატესობის მოსაპოვებლად, რეგულარულად აკეთებენ, ეს კი მსოფლიოში მილიონობით ბიზნესის ზრდაზე ახდენს გავლენას", — ამბობს იგი.
Apple-მა თავისი კონფიდენციალურობის ფუნქციის გამოყენება განახლებულ iOS 14-ში მას შემდეგ გადადო, რაც დეველოპერებმა და მათ შორის Facebook-მა განაცხადეს, რომ ეს მათი რეკლამირების შემოსავალს საერთოდ გაანადგურებდა. ეს ფუნქცია მომხმარებლებს მოსთხოვს ნებართვას იმისთვის, რომ თვალი ადევნონ მათ რეკლამირების მიზნებისთვის.
ცუკერბერგის მიხედვით, Apple-მა "შეიძლება განაცხადოს, რომ კომპანია ამას ადამიანების დასახმარებლად აკეთებს, თუმცა აშკარაა, რომ ისინი ამით კონკურენტულ ინტერესებს ადევნებენ თვალ-ყურს. მნიშვნელოვანია ხალხმა გაიგოს ეს დინამიკა, რადგან ჩვენ და სხვებიც აუცილებლად შევეწინააღმდეგებით მას მომავალში".
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები