ნორვეგიამ ხანდაზმულთა სიკვდილიანობასა და ვაქცინაციას შორის პირდაპირი კავშირი ვერ დაადგინა
ცოტა ხნის წინ ნორვეგიაში, COVID-19-ის აცრის გაკეთების შემდეგ 75 წელს გადაცილებული 33 ადამიანი მოკვდა, რამაც საზოგადოებაში ვაქცინასთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა გააღვივა. ადამიანთა ნაწილმა, ამ ფაქტზე დაყრდნობით, გადაწყვიტა, რომ ვაქცინა შეიძლება საშიში იყოს. გავრცელებულ მოსაზრებას ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტო ეხმაურება. მეცნიერები ამბობენ, რომ ვაქცინაციას და ხანდაზმულთა გარდაცვალებას შორის კავშირი არაა.
იმუნიზაციის შემდეგ დაღუპული ადამიანები, ვაქცინის მიღებამდეც მძიმე მდგომარეობაში, "სერიოზულად ავად" იყვნენ, ნათქვამია განცხადებაში.
"COVID-19 პაციენტების უმეტესობისთვის ბევრად საშიშია, ვიდრე ვაქცინაცია", — ამბობს სააგენტოს წარმომადგენელი, სტეინარ მადსენი და დასძენს, რომ "შიშის მიზეზი არ გვაქვს".
იმუნიზაციის შემდეგ ხანდაზმულთა სიკვდილის შესახებ ინფორმაცია გლობალურ პრესაში სწრაფად გავრცელდა. პარასკევამდე ნორვეგიაში მხოლოდ Pfizer & BioNTech-ის ვაქცინა გამოიყენებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ ვაქცინის გამოყენების გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაცია მუდმივად გროვდება და იანვრის ბოლოს ვაქცინის "უსაფრთხოების ანგარიში" გამოქვეყნდება.
არ არსებობს საბუთი იმისა, რომ 33 ადამიანის სიკვდილი ვაქცინაციასთან რამენაირ კავშირში იყო. სააგენტოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მძიმე ავადმყოფების, იმუნიზაციის შემდეგ სიკვდილი, შესაძლოა, უბრალოდ დამთხვევა იყო.
მიუხედავად ამისა, მადსენი ამბობს, რომ "შესაძლოა, ქვემდებარე დაავადების გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა, ვაქცინამ უფრო დაამძიმოს. ამას ვერ გამოვრიცხავთ".
მადსენი ამბობს, რომ სხვა ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში, გამოსავლიანობა სავარაუდოდ არ შეიცვლება. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ამ დროისთვის 42 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა. პარასკევიდან იმუნიზაციის პროგრამაში Moderna-ს ვაქცინის გამოყენებაც დაიწყო, რომელიც Pfizer-ის მსგავს, რნმ ტექნოლოგიას იყენებს.
ჯერ კიდევ ვაქცინაციის პროგრამის დაწყებამდე, ნორვეგიის მედიკამენტების სააგენტოში განაცხადეს, რომ "იმუნიზაციის პარალელურად სიკვდილიანობა მოსალოდნელია", რადგან პირველ რიგში მოხუცებულები იცრებიან, რომლებსაც, ხშირად, მძიმე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
კომენტარები