WhatsApp-მა ყველა დროის რეკორდი მოხსნა — ვირტუალური ახალი წელი ახლობლებთან ერთად
ფეისბუქის ჩეთ პლატფორმამ — WhatsApp-მა, საახალწლოდ, მომხმარებელთა რაოდენობით, რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. ამ უცნაური და მძიმე 2020 წლის დასრულებას ადამიანების უმრავლესობა WhatsApp-ით ულოცავდა ერთმანეთს. ეს ყველაფერი კი პანდემიისგან გამოწვეული იზოლაციის პირობებში.
აღსანიშნავია, რომ ახალი წლის ღამეს, WhatsApp-ით 1.4 მილიარდზე მეტი ვიდეო და ხმოვანი მილოცვა განხორციელდა. ეს აპლიკაციისთვის რეკორდული მაჩვენებელი აღმოჩნდა. Facebook-ის განცხადებით, ზოგადად, ახალი წლის ღამე კომპანიისთვის წლის ყველაზე დატვირთული ღამეა, მაგრამ წლევანდელმა მაჩვენებლებმა 50%-ით გადააჭარბა წინა მაჩვენებლებს.
ახალი წლის ღამე ასევე დატვირთული იყო Facebook-ის მესენჯერისთვისაც. 31 დეკემბერს ჯგუფური ვიდეოზარების გაორმაგებული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამასთან, განხორციელდა 55 მილიონი ლაივ ჩართვა ფეისბუქსა და ინსტაგრამზე.
"2020 წლის მარტში, პანდემიის დასაწყისში, როდესაც მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა, დაფიქსირდა რამდენიმე ტექნიკური ხარვეზი, რამაც Facebook-ის მუშაობის პროცესის შეფერხება გამოიწვია. ეს ხარვეზი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა, ჩვენმა ინჟინრებმა ძალიან დიდი შრომა ჩადეს პლატფორმის გასაუმჯობესებლად", — განაცდახა ფეისბუქის ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერმა, ქეითლინ ბენფორდმა.
აღსანიშნავია, რომ პანდემიის დასაწყისში მომხმარებელთა რაოდენობა ზღვაში წვეთია საახალწლო ღამესთან შედარებით. ახალი წლის ღამეს Facebook-ის შეუფერხებელი მუშაობა იმის დასტურია, რომ ამ თვეების განმავლობაში ის განვითარდა და გაძლიერდა.
"2020 წლის 31 დეკემბერი საკმაოდ განსხვავდებოდა წინა წლებისგან. იმისთვის, რომ ახალ, 2021 წელს ჩვეული ზარ-ზეიმით შევხვედროდით, ჩვენი ინჟინერთა ჯგუფი მუდმივ მზადყოფნაში იყო ნებისმიერი ხარვეზის დროულად გასამართად", — განაცხადა ქეითლინ ბენფორდმა.
როგორც ჩანს, ამ გამოწვევას სოციალური ქსელები მზად დახვდნენ. თუმცა, ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ 2021 წელი ნაკლებად დაემსგავსება რომელიმე ჰოლივუდური მძაფრსიუჟეტიან ფილმს და მომავალ 31 დეკემბერს კიდევ ერთი რეკორდი არ მოიხსნება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.
კომენტარები