ფლემუდი ახალი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამოყვარულო სპორტული აქტივობების ხელშეწყობისთვის შეიქმნა.

პლატფორმის საშუალებით მარტივდება სამოყვარულო სპორტული მატჩებისა და ტურნირების ორგანიზება. ანუ, ფლემუდზე მომხმარებელი, რომელსაც ნებისმიერ სპორტულ აქტივობაში ჩართვა სურს, ყოველთვის შეძლებს იპოვოს მისთვის სასურველი გუნდი, მიიღოს მონაწილეობა მატჩებში მათთან ერთად ან ჩაერთოს ტურნირებში.

პლატფორმაზე ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს გულშემატკივარსაც. მომხმარებლებს აქვთ საშუალება მხარი დაუჭირონ მათთვის ნებისმიერი კრიტერიუმით გამორჩეულ გუნდს და აქციონ ისინი ფლემუდის ვარსკვლავებად.

ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ფლემუდის წარმომადგენელს, ვახო დავლაშერიძეს ვესაუბრეთ.

პირველ რიგში, საიდან გაჩნდა იდეა?

იდეა კონკრეტული მომენტების კომბინაციით შეიქმნა. მაგალითად, როდესაც მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაში გვინდოდა, ყოველთვის თავს იჩენდა თანაგუნდელების დროის უქონლობის ან რაიმე სხვა ტიპის პრობლემა. ასეთ დროს, ფლემუდი უზრუნველყოფს ისეთი ადამიანების დაკავშირებას, რომელთა სპორტული ინტერესებიც იკვეთება და ამასთან ერთად, მათ აქვთ თავისუფალი დრო, რომელიც შეუძლიათ ერთად თამაშში გამოიყენონ.

ასევე, დღესდღეობით ადამიანებს შეუძლიათ მოიპოვონ პოპულარობა სხვადასხვა "სამოყვარულო ნიჭით", თუმცა მსგავსი აქტივობების რიგებში სპორტი არ შედის. ფლემუდი ხელს შეუწყობს სამოყვარულო სპორტით გატაცებულ ადამიანებს, რომლებიც არ არიან პროფესიონალები, თუმცა, მაგალითად, ფეხბურთს ძალიან კარგად თამაშობენ, დაიწყონ მათი "სამოყვარულო კარიერა" და მიიღონ ამით სხვადასხვა ტიპის სარგებელი.

ამ ფაქტორების გარდა, ფლემუდი თავს მოუყრის ყველა სამოყვარულო ჩემპიონატსა თუ ტურნირს, რომელიც სხვათა შორის, ხშირად ტარდება სხვადასხვა მიმართულებით. ამით უფრო მეტად წახალისდება ცხოვრება ჯანსაღი წესით და სპორტული აქტივობების ორგანიზება მეტად სახალისო და მარტივი გახდება.


პანდემიამ ბიზნესის ყველა სფეროზე მოახდინა გავლენა. რა არის ამ პირობებში თქვენი, როგორც ფლემუდის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა?

პანდემიამ, ფაქტობრივად, ჩვენი საქმიანობა სრულად შეაჩერა. რეგულაციებმა გამოიწვია ჩვენი გეგმების კორექტირება და ბაზარზე აქტიურად შესვლა დროებით გადავდეთ. ვაპირებდით საიტის გახსნასთან ერთად 16 გუნდიანი ფეხბურთის ტურნირი ჩაგვეტარებინა, რითაც პლატფორმის და სისტემის პრეზენტაცია კომბინირებულ გარემოში შედგებოდა. თუმცა, როგორც იცით, ადამიანთა თავშეყრა შესაძლოა ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს და ამის გამო გადავწყვიტეთ, კონკრეტული ნაბიჯისგან თავი დროებით შეგვეკავებინა.

იქამდე, სანამ ფლემუდი აქტიურ ფაზაზე გადავა, ვცდილობთ ეს დრო დეველოპმენტისთვის გამოვიყენოთ. ვგეგმავთ ახალი ფუნქციონალის დამატებას და სისტემის გაძლიერებას. ამით პოსტ-პანდემიური პერიოდისთვის უფრო მზად ვიქნებით და მომხმარებელს სრულყოფილ პროდუქტს შევთავაზებთ.

გვიამბეთ სამომავლო გეგმების შესახებ. როგორ წარმოგიდგენიათ შემდგომი ნაბიჯები და პლატფორმის განვითარება?

პირველ რიგში, ვაპირებთ, რომ უფრო მეტი სახეობის სპორტი დავამატოთ პლატფორმას და გავზარდოთ საიტის ფუნქციონალი. მას შემდეგ, რაც ფლემუდი ადგილობრივ ბაზარზე აქტიურ ოპერირებას დაიწყებს, ვაპირებთ იდეა მსოფლიო ბაზარს წარვუდგინოთ. ფლემუდის დომენი და ბრენდირება არ არის გათვლილი მხოლოდ ადგილობრივ მომხმარებელზე, სრულიად ადაპტირებულია გლობალურად გამოყენებისთვის.

ამ ეტაპზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორების მოძიების საკითხი. ამჯერად მონაწილეობას ვიღებთ Web Summit-ში, რაც ჩვენთვის ძალიან კარგი საშუალებაა ფინანსური სახსრების მოსაზიდად და ასევე მენტორებთან, ინვესტორებთან შესახვედრად, გამოცდილებისა და მხარდაჭერის მისაღებად.
სამომავლოდ ვაპირებთ GITA-ს საგრანტო პროგრამაში მონაწილეობასაც.

დაბოლოს, რა არის ფლემუდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი?

ფლემუდის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი არის ის, რომ იყოს გლობალური, ნიშური სოციალური ქსელი, რომელიც ერთი იდეის გარშემო გააერთიანებს ყველა სპორტის მოყვარულს, საზღვრების, ენობრივი ბარიერისა და სხვა ფაქტორების მიუხედავად.

ასევე, ჩვენ გვინდა, რომ ერთ სივრცეში მოვუყაროთ თავი მოყვარულ, ნახევრად-პროფესიონალ და პროფესიონალ მოთამაშეებს სხვადასხვა სპორტის სახეობების მიმართულებით.