PFPMaker ვებგვერდია, რომელიც კრეატიული პროფილის ფოტოს შექმნაში გეხმარებათ. როგორც მისი ავტორები აღნიშნავენ, ამისათვის ის ხელოვნურ ინტელექტს იყენებს. უფრო კონკრეტულად, პროგრამაში, AI-ის დახმარებით, შეგვიძლია ფოტოს ნებისმიერი ფერისა თუ დატვირთულობის მქონე ფონი მოვაშოროთ, ამის შემდეგ კი აპლიკაცია ავტომატურად გენერირებულ რამდენიმე პროფილის ფოტოს ვარიანტს გვთავაზობს. მისი დახმარებით შეგვიძლია ფერების შეცვლაც, ფოტოს რეპოზიციაც, ჩრდილების დამატებაც და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ დისტანციური მუშაობის პირობებში, საქმიანი ურთიერთობის დაწყებისას პროფილის ფოტო სწორედ ის პირველი რამ ხდება, რაც უცნობ ადამიანებს ჩვენ შესახებ შთაბეჭდილების შექმნაში ეხმარება. ხოლო როგორც აპლიკაციის შემქმნელები აღნიშნავენ, კვლევის თანახმად, სოციალურ ქსელში კარგი პროფილის ფოტო უცნობი ადამიანებისგან შეტყობინების მიღების შანსს 14-ჯერ ზრდის, ხოლო პროფილის დათვალიერების შანსს კი 36-ჯერ.

ვებგვერდის გამოყენება უფასოა და თუ ბოლო 5 წლის განმავლობაში პროფილის ფოტო არ შეგიცვლიათ, მგონი, დროა ეს ახლა გააკეთოთ.