Google აუქმებს აპლიკაციას, რომლითაც გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას, ადგილმდებარეობას ვაზიარებდით
ცოტა ხნის წინ Google-მა განაცხადა, რომ 2020 წლის დეკემბერში გააუქმებს აპლიკაციას Trusted Contacts, რომელსაც გადაუდებელ შემთხვევებში ადამიანის ადგილმდებარეობის გაზიარების ფუნქცია აქვს. Play Store-ზე კი მას უკვე ვეღარ შეხვდებით.
ამის ნაცვლად, Google არსებულ მომხარებელს Google Maps-ის მსგავს, მაგრამ ნაკლებად დამხმარე ფუნქციებს სთავაზობს. Trusted Contact-ის მომხმარებლებისთვის ეს არც ისე სახარბიელო ამბავია, რადგან ეს აპლიკაცია საშუალებას გვაძლევდა გაგვეგო ოჯახის წევრის ადგილმდებარეობა მაშინაც კი, თუ მასთან კონტაქტს საერთოდ ვერ ვამყარებდით (მაგალითად, როცა ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ, ან რამე საფრთხე ემუქრებოდათ). Google Maps-ში კი ყველაფერი სხვანაირადაა. თქვენი უშუალო თანხმობის გარეშე, იგი არ გაუზიარებს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ თქვენს სანდო კონტაქტებს.
Trusted Contacts ნებას გრთავდათ კონტაქტებში დაგემატებინათ ის სანდო ადამიანები, რომლებიც გადაუდებელ სიტუაციებში მყისიერად მიიღებდნენ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ. მეორე მხრივ, კონტაქტებს შეეძლოთ მოეთხოვათ სტატუსის გადამოწმება იმის გასაგებად, რამე ხომ არ გიჭირდათ. თქვენ კი ამას პასუხს სცემდით შეტყობინებით, ხოლო თუ ამ მოთხოვნაზე პასუხს არ გასცემდით, აპლიკაცია ავტომატურად აზიარებდა თქვენს ბოლო ადგილმდებარეობას.
თავის დროზე, როცა Google-მა ეს აპლიკაცია აამუშავა, მათ თვალსაჩინოებისთვის შექმნეს ეს მოძრავი სურათი:
Google Maps-ს 2017-ს წლიდან შეუძლია მდებარეობის გაზიარება რეალურ დროში, მაგრამ ახლა, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ ნება დავრთოთ ოჯახის წევრს, ან საყვარელ ადამიანს, ნახოს ჩვენი ადგილმდებარეობა მაშინ, როდესაც ტელეფონზე დიდი ხანი არ ვპასუხობთ, მოგვიწევს სმარტფონისთვის მუდმივი თვალყურის დევნება, რომ მოთხოვნის შემთხვევაში ვინმეს გავაგებინოთ, თუ სად ვიმყოფებით (და ეს შეიძლება ვერ მოვახერხოთ, თუ საფრთხეში ვართ).
ახალი ამბავი არაა, რომ Google-მა სხვადასხვა აპლიკაციებისა და ფუნქციების Google Maps-თან გაერთიანება დაიწყო, თუმცა Maps-ის ფუნქციები იმდენად ღირებული და სასარგებლო არაა, როგორც ცალკე აღებული აპლიკაციის, Trusted Contacts-ის მომხმარებლებს კი ახალი აპლიკაციის მოძებნა მოუწევთ.
Google Trusted Contact-ს, საბოლოოდ, დეკემბერში გააუქმებს, მაგრამ იქამდე, მის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ საჭირო ინფორმაცია გადმოწერონ აპლიკაციიდან. ამასობაში კი, ალბათ ჯობს უკეთესად გავეცნოთ Google Maps-ის ლოკაციების გაზიარების ფუნქციას.
კომენტარები