Nextsale-ის გზა წარმატებისკენ — ინტერვიუ ვუსალ ორუჯოვთან
მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, საქართველოს ბანკის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა მოაწყო. პროექტის დასკვნით ეტაპზე შერჩეულ 5 ფინალისტს შორის მოხვდა სტარტაპი Nextsale, რომლის თანადამფუძნებელს, ვუსალ ორუჯოვს, ამ სტატიიდან გავიცნობთ.
სტარტაპი Nextsale გვთავაზობს პროდუქტს, რომელიც მომხმარებლებისთვის შოპინგის სასიამოვნო გარემოს ქმნის. ვებგვერდის შეტყობინებების, პრომო ბანერების და სხვადასხვა სარეკლამო საშუალების გამოყენებით მომხმარებელს პრომო აქციების თუ ონლაინ მაღაზიის პოპულარობის შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა გზით მიღების საშუალება ეძლევა.
გარდა იმისა, რომ სტარტაპმა 500 Startups-ის პროგრამაში ხუთ ფინალისტს შორის დაიკავა ადგილი, Nextsale-მა, უცხოელი ინვესტორებისგან $376,000 ოდენობის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა.
Nextsale-ის თანადამფუძნებელი და აღნიშნული პლატფორმის ერთ-ერთი შემქმნელი, ვუსალი, დღეს კომპანიაში დეველოპმენტის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
ვუსალს დეველოპმენტის კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რაც Nextsale-ის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ვუსალი თვითნასწავლი დეველოპერია, — "ელექტრონული კომერციის ეკოსისტემაში მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ ბიზნესისთვის კონვერსიის ოპტიმიზაცია საკმაოდ მტკივნეულ პროცესს უკავშირდებოდა. Nextsale არის პლატფორმა, რომლის მიზანიც მარკეტოლოგებისთვის ონლაინ სივრცეში მუშაობის გამარტივებაში მდგომარეობს".
ცხადია, ნებისმიერი ბიზნეს იდეის განხორციელების გზაზე ბევრი გამოწვევა და სირთულე გვხვდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იდეა ინოვაციურ პროდუქტს უკავშირდება. Nextsale-ში მუშაობის პერიოდში ვუსალისთვის ერთ-ერთი რთული ამოცანა მისი სერვისის სხვა ელექტრონული კომერციის პლატფორმებთან ინტეგრაციას ეხებოდა, რასაც სხვადასხვა ბაზრების თავისებური სპეციფიკაც ართულებდა.
სტარტაპში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვუსალი ამბობს, რომ სანანებელი არაფერი აქვს, — "აქ სინანული არ არსებიბს. წარუმატებელი გადაწყვეტილებებიდან ჩვენ უდიდესი გამოცდილება მივიღეთ". მან აღნიშნა, რომ აქ მთავარია იგივე არ განმეორებულიყო და დაშვებული შეცდომიდან გუნდს ნამდვილი გაკვეთილი მიეღო.
რჩევა დამწყებ სტარტაპერებს
ვუსალი ახალბედა სტარტაპებს ურჩევს, — "გამოიკვლიეთ ბაზარი და იპოვეთ პრობლემა". მისი თქმით, სტარტაპერმა უნდა განიხილოს თუ როგორ აპირებს ის პრობლემის გადაჭერას— ეს გზა აუცილებლად უნდა იყოს უნიკალური, ნოვატორიული და უფრო ღირებული, ვიდრე უკვე შესაძლო არსებული გამოსავალია. გარდა ამისა, იგი მოუწოდებს სტარტაპერებს დარწმუნდნენ, რომ სამიზნე ბაზარი ნამდვილად დიდია საიმისოდ, რომ მომავალში პროექტის კომერციალიზაია გლობალურად მოხდეს.
500 Startups-ში მონაწილეობის გამოცდილება
500 Startups-ის აქსელერატორზე საუბრისას ვუსალი აღნიშნავს, რომ მათთვის ის უნიკალური ცოდნის წყარო აღმოჩნდა და ხაზს უსვამს მენტორების უდიდეს გამოცდილებას, რომელსაც ისინი სტარტაპებს უზიარებდნენ, — "მიგვაჩნია, რომ ამ ცოდნით, ექსპერიმენტებითა და ტესტირებით ჩვენ კომპანიის ზრდას შევუწყობთ ხელს".
500 Startups აქსელერატორის მეორე ნაკადის აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ეს პროცესი 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.
კომენტარები