საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მალე ახალ ტუალეტსა და 3D კამერას ვიხილავთ
დაახლოებით 20 წელია, რაც ადამიანები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ცხოვრობენ, მუშაობენ და სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ. ეს საკმაოდ დიდი დროა, შესაბამისად, სადგურს გარკვეული განახლება და ახალი აღჭურვილობა დასჭირდა.
სულ მალე ISS-ზე მარაგი გაეშვება, სადაც როგორც ახალ ტუალეტს, ასევე 360 გრადუსიანი ვირტუალური რეალობის კამერას შეხვდებით.
ტუალეტები კოსმოსში
გრავიტაციის არარსებობის გამო, კოსმოსში ყველაფერი სხვანაირად მუშაობს, მათ შორის - ტუალეტიც. ამჟამად არსებული ტუალეტები საკმაოდ სანდოა, თუმცა ახალი პროტოტიპი უფრო მეტადაა მომხმარებელზე მორგებული და იგი უფრო დიდხანსაც ძლებს. კომპაქტური ტუალეტი ძაბრს, შარდისთვის განკუთვნილ მილს და კუჭში გასვლისთვის საჭირო დასაჯდომს მოიცავს.
ახალი დიზაინი 65%-ით პატარა და 40%-ით მსუბუქია. ასტრონავტების თქმით, ეს დიზაინი უფრო მოსახერხებელია, ნაკლებად საჭიროებს გასუფთავებას, უფრო დიდხანს ინახება, გამძლე და კოროზიის მიმართ რეზისტენტულია. ასევე, ამ დიზაინს ახალი ფუნქციაც აქვს: ძაბრისა და დასაჯდომის გამოყენება ერთდროულადაა შესაძლებელი, რაც ქალი ასტრონავტებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია.
არსებული ტუალეტი ძალიან დიდი ხნის წინ შეიქმნა, მაშინ როდესაც სადგურზე ძალიან ცოტა ქალი ასტრონავტი რჩებოდა. ახალი ტუალეტი კი ქალსა და კაცს შორის არსებულ ანატომიურ განსხვავებებს თანაბრად აკმაყოფილებს.
ღია კოსმოსი ვირტუალურ რეალობაში
თუკი ოდესმე ასტრონავტების მიერ ღია კოსმოსში გასვლა გინახავს და გდომებია გაგეგო, როგორი გრძნობაა ეს, ახალი კამერა ამ შეგრძნებების გამოცდაში დაგეხმარება.
Felix & Paul სტუდიასთან თანამშრომლობით ISS-ზე მალე ახალი 3D კამერა აღმოჩნდება. კამერა რობოტული კიდურით იქნება აღჭურვილი და ღია კოსმოსში გასეირნებას მისი დასაწყისიდან დასრულებამდე გადაიღებს, ისევე, როგორც კოსმოსური სადგურის ექსტერიერსა და დედამიწის ხედს.
"ახალი კამერა ღია კოსმოსში გასეირნების 3D სიმულირების საშუალებას იძლევა. ღია კოსმოსში გასვლა ყველაზე რთული რამაა, როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად, თუმცა ამავდროულად ყველაზე ამაღელვებელი გამოცდილებაა: შენ საკუთარ პატარა ხომალდში ხარ მოქცეული და ქვემოთ დედამიწას ხედავ, თქვენ შორის კი კოსმოსის სიცარიელის გარდა არაფერია", — განაცხადა ასტრონავტმა ჯესიკა მეირმა.
მეირი ღია კოსმოსში რამდენჯერმეა გასული, მათ შორის, NASA-ს ასტრონავტ კრისტინა კოხთან ერთად — ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღია კოსმოსში მხოლოდ ქალები იმყოფებოდნენ.
ლაბორატორია ჩვენს ორბიტაზე
კოსმოსურ სადგურზე უამრავი სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩატარებულა. იგი უნიკალურ გარემოს წარმოადგენს, რადგან გრავიტაცია, როგორც დედამიწაზე არსებული გარემოს შემადგენელი ელემენტი, იქ არ არსებობს. სადგურზე კვლევის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული განხრა ისეთი თერაპიების შექმნას გულისხმობს, რომლებიც კიბოს მსგავს დაავადებებს დაამარცხებს.
Kernal Biologics სადგურისა და მასზე არსებული მიკროგრავიტაციის გამოყენებას საინფორმაციო რნმ-ის იმუნოთერაპიის გასაუმჯობესებლად გეგმავს, ეს მეთოდი ლეიკემიის მკურნალობისთვის გამოიყენება. საინფორმაციო რნმ, იგივე მ-რნმ ადამიანის ყველა უჯრედშია და ცილების შექმნაში მონაწილეობს, თუმცა იგი, შესაძლოა, კიბოსა და ჯანმრთელ უჯრედებში განსხვავდებოდეს.
ნორმალური გრავიტაციის პირობებში, ის მედიკამენტები, რომლებიც გამოუცდიათ, კიბოს უჯრედების ამორჩევას და მათ განადგურებას წარმატებით ახერხებენ. მიკროგრავიტაციამ, შესაძლოა, მ-რნმ-ში ცვლილებები გამოიწვიოს, ხოლო თუკი აღნიშნული მედიკამენტი ამ პირობებშიც წარმატებით ფუნქციონირებას შეძლებს, მკურნალობა უფრო უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გახდება.
გარდა ამისა, ადელაიდის უნივერსიტეტის მკვლევრები სადგურზე ფარმაცევტული აბების კვლევას გეგმავენ, უფრო კონკრეტულად კი, აინტერესებთ, რა გავლენა ექნება მათ სტაბილურობაზე მიკროგრავიტაციასა და რადიაციას.
ეს მიმდინარე კვლევების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, კოსმოსურ სადგურზე ამჟამად უამრავი სხვა ექსპერიმენტი მიმდინარეობს და კიდევ ძალიან ბევრი იგეგმება.
კომენტარები