მაიკროსოფტი ახალ სათამაშო კონსოლს, Xbox Series X-ს 10 ნოემბერს გამოუშვებს და მისი ფასი $499 იქნება. კონსოლზე წინასწარი შეკვეთების მიღება კი 22 სექტემბრიდან დაიწყება.

Xbox Series X-ის შეძენა ასევე მაიკროსოფტის სპეციალური Xbox All Access პროგრამით იქნება შესაძლებელი, რომელიც კონსოლის, Xbox Game Pass Ultimate-ის და Xbox Live-ის ჯამურ ღირებულების 24 თვეზე გადანაწილებას ითვალისწინებს.

Xbox All Access-ის პროგრამით კონსოლის შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს თვეში $34,99 გადახდა მოუწევთ — ამ ფასში Xbox Game Pass Ultimate-თან წვდომაც შედის. კომპანია საკმაოდ სწრაფად აფართოებს Xbox All Access პროგრამას და მას EA Play-სთან ერთად გვთავაზობს. EA Play-ში ხელმისაწვდომია EA-ს ისეთი თამაშები, როგორებიცაა FIFA 20 და Titanfall 2.

Xbox Series X და S-ის გამოსვლის მომენტისთვის სერვისი Xbox All Access შემდეგ ქვეყნებში გახდება ხელმისაწვდომი — ავსტრალია, კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პოლონეთი, სამხრეთ კორეა, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ. ქვეყნების სია, სადაც Xbox All Access იქნება ხელმისაწვდომი, 2021 წელსაც გაიზრდება.

Xbox Series X/S-ის ანონსის წინ EA Play-ის Xbox Game Pass Ultimate პაკეტში დამატება კომპანიას Game Pass სერვისის განვითარებაში დაეხმარება. რადგან მაიკროსოფტმა Halo Infinite-ის გამოშვება გადადო, კომპანიამ გადაწყვიტა, ეს დანაკარგი სხვა სტუდიებთან თანამშრომლობით აენაზღაურებინა, რის შედეგადაც Game Pass-ის ნაკრებში Destiny 2-ს და EA-ს თამაშების უდიდეს ბიბლიოთეკასაც ვიხილავთ.