CrewDragon-მა NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე წარმატებით დააბრუნა
ისტორიაში პირველად, NASA-ს ორი ასტრონავტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან მექსიკის ყურეში კერძო კომპანიის მიერ შექმნილი ხომალდით დაეშვა. ამ მოვლენით CrewDragon-ის გამოცდის პერიოდიც დასრულდა და ადამიანების კოსმოსში მოგზაურობის ახალი ერაც დაიწყო.
დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი პენსაკოლას სანაპიროზე ადგილობრივი დროით 2:48 წუთზე დაეშვნენ. სანაპიროზე გადასვლის შემდეგ კი ასტრონავტები სახლებისკენ გაფრინდნენ.
1975 წლის 24 ივლისს აპოლოსა და Soyuz-ის პროექტის ფარგლებში განხორციელებული დაშვების შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ამერიკელი ასტრონავტები აშშ-ს ტერიტორიაზე წყალზე დაეშვნენ.
Dragon 30 მაისს გაფრინდა, 31 მაისს კი ორბიტაზე მყოფი სადგურის მოდულს დაუკავშირდა. ISS-ზე გატარებული 62 დღის განმავლობაში ბენკენი და ჰარლი უამრავ სამეცნიერო ექსპერიმენტში თუ ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას, მათ საერთო ჯამში ორბიტაზე 64 დღე გაატარეს და დედამიწას 1 024-ჯერ შემოუარეს. ბენკენი ასევე კოლეგა კრის კასიდისთან ერთად ღია კოსმოსშიც გავიდა, რათა სადგურის ელემენტები შეეცვალა.
მექსიკის ყურის ცაზე ხომალდის ოთხი პარაშუტის გამოჩენა იმის ნიშანი იყო, რომ იგი ატმოსფეროში წარმატებით შემოვიდა. პარაშუტებმა კაფსულის სიჩქარე 560 კმ/სთ-დან დაახლოებით 25 კმ/სთ-მდე შეამცირა.
პირველი სიტყვები, რომლებითაც SpaceX-ის სახმელეთო ბაზა უსაფრთხოდ ჩამოფრენილ ასტრონავტებს მიესალმა, იყო: "კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პლანეტა დედამიწაზე. გმადლობთ, რომ SpaceX-ით იფრინეთ".
დაშვების შემდეგ სამაშველო გემი ხომალდის ამოსაყვანად და ასტრონავტების კაფსულიდან გამოსაშვებად გაემართა. ხომალდის გემზე ამოსაყვანად გემსართავები გამოიყენეს და იგი მისთვის განკუთვნილ ადგილას განათავსეს. ამის შემდეგ ცოტა ხანში ლიუკიც გახსნეს და ასტრონავტებმა სუფთა ჰაერი ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ პირველად ჩაისუნთქეს. ბენკინსა და ჰარლის სანაპიროზე გადაყვანამდე აუცილებელი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს.
NASA-ს კომერციული ფრენების პროგრამის მიზანი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მიმავალი იაფი, უსაფრთხო და სანდო ტრანსპორტის შექმნაა. ამ მიზნის მიღწევით მკვლევრებს კვლევებისთვის დამატებითი დრო და შანსი ეძლევათ, რომ ადამიანების მთვარესა და მარსზე გაგზავნისთვის მოემზადონ.
კომენტარები